რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი ბელარუსებს: ომში გითრევენ, კრემლში თქვენს ნაცვლად ყველაფერი გადაწყვიტეს

ვოლოდიმირ ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელარუს ხალხს მიმართა.

ზელენსკის თქმით, კრემლი აქტიურად ცდილობს ბელარუსის ომში ჩაბმას და ეს გადაწყვეტილება ბელარუსის ხალხის ნაცვლად არის მიღებული.

"დღეს ცალკე მსურს მივმართო ბელარუსის მოქალაქეების - სამოქალაქო პირებსა და ფორმიანებს. თქვენ ომში გითრევენ. იმაზე უფრო აქტიურად, ვიდრე ეს თებერვალში და გაზაფხულის თვეებში იყო. კრემლში თქვენს ნაცვლად უკვე ყველაფერი გადაწყვიტეს. თქვენი სიცოცხლე მათთვის არაფრად ღირს. მაგრამ თქვენ არ ხართ მონები და საზარბაზნე ხორცი, თქვენ არ უნდა იხოცებოდეთ. და თქვენ გაქვთ ძალა არავის მისცეთ უფლება თქვენს ნაცვლად გადაწყვეტის, იმის თუ რა გელოდებათ". – თქვა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოხატა იმედი, რომ ბელარუსი ხალხი მხარს უჭერს უკრაინელებს და არა ომს.

"სწორედ ამიტომ, რუსეთის ხელმძღვანელობას თქვენი, ყველა ბელარუსის ომში ჩათრევა სურს. ბელარუსის უბრალო ხალხზე ახლა ბევრი რამაა დამოკიდებული. ვიცი, თქვენ შეგიძლიათ არ მიიღოთ ამ ომში მონაწილეობა. თქვენი სიცოცხლე მხოლოდ თქვენ გეკუთვნით და არა ვიღაცას კრემლში". – დაამატა უკრაინის პრეზიდენტმა. 

ამას გარდა, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსი პილოტებსა და ყველას, ვინც უკრაინული ქალაქების დაბომბვაში მონაწილეობენ, წინ გასამართლება ელით.

სარაკეტო იერიშების ახალი ტალღა, რომელიც რუსეთის ფედერაციამ დაიწყო, ბელარუსის ტერიტორიიდანაც მოდიოდა. ეს ბოლო ხანებში, მას შემდეგ, რაც ოკუპანტებმა კიევის მიმართულებით სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს, ბელარუსიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების პირველი თავდასხმა იყო.

ომის პირველ ეტაპზე რუსეთმა ბელარუსის ტერიტორია უკრაინაში კიევის მიმართულებით დაწყებული იერიშისთვის გამოიყენა და ჯარები აქედან შეიყვანა. 

კომენტარები