საფრანგეთი

დეპუტატები მაკრონის პარტიიდან კონსტიტუციაში აბორტზე წვდომის უფლების განსაზღვრას გეგმავენ

Stéphane de Sakutin/AFP/Getty Images

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტიის დეპუტატთა ნაწილი გეგმავს კანონპროექტის ინიცირებას, რათა აბორტზე წვდომის უფლება კონსტიტუციით განისაზღვროს.

ორმა კანონმდებელმა ინიციატივის შესახებ მას შემდეგ ისაუბრა, რაც ამერიკაში უზენაესმა სასამართლომ 50 წლის წიმ მიღებული Roe v Wade-ის გადაწყვეტილება შეცვალა და ქალების აბორტზე წვდომის კონსტიტუციური უფლება გააუქმა

საფრანგეთში აბორტი 1975 წელს მიღებული კანონით დეკრიმინალიზებულია: დაშვებულია ორსულობის ნებაყოფლობით შეწყვეტა. კანონმდებელთა განმარტებით, კონსტიტუციური დაცვა მომავალი თაობებისთვის აბორტის უფლების შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

კანონმდებლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონპროექტი "შეუძლებელს გახდის, პირს ორსულობის ნებაყოფლობით შეწყვეტის უფლება ჩამოერთვას".

პარლამენტში მაკრონის პარტიის ლიდერმა, ავრორე ბერჟმა აღნიშნა, რომ აშშ-ს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება "კატასტროფული შედეგების მომტანია ქალებისთვის მთელ მსოფლიოში". მისი თქმით, საფრანგეთმა დღეს უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა "ხვალ მსგავსი პრობლემები არ ჰქონდეს". 

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ქალებს აშშ-ში სოლიდარობა გამოუცხადა. მისი თქმით, აბორტზე წვდომის უფლება ყველა ქალის ფუნდამენტური უფლებაა. მაკრონის პარტიას და მის ცენტრისტულ ალიანსს ეროვნულ ასამბლეაში ყველაზე მეტი ადგილი აქვს, თუმცა მათ საკანონმდებლო არჩევნებში უმრავლესობა დაკარგეს

კომენტარები