ევროპული საქართველო

ბოკერია: ივანიშვილის წასვლა და ახალი არჩევნებია ერთადერთი, რაც ქვეყანას გადაარჩენს

"ამ რეჟიმის, ივანიშვილის წასვლა და ახალი არჩევნები არის ერთადერთი რამ, რაც ჩვენს ქვეყანას ამ ისტორიულ მონაკვეთში გადაარჩენს" - ამის შესახებ ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ბოკერიას თქმით, ამოცანაა გაერთიანება ერთადერთი მიზნისთვის - რეჟიმის, როგორც პოლიტიკური კეთროვანების გარიყვა პოლიტიკური ცხოვრებიდან და მათი ძალაუფლებიდან ჩამოშორება. 

"სწორედ ამისკენ შემოერთებისკენ უნდა მოვუწოდოთ მოქალაქეებს. ამის მიღწევას სჭირდება აქტიური მოქალაქეების დიდი რაოდენობა, არა ერთი აქცია და ორი აქცია, არამედ შესაძლოა, კარგა ხანს მზაობა ამ რეჟიმის მშვიდობიანი პროტესტით რყევისთვის და მზაობა, ნებისმიერ მომენტში ცივილური, პოლიტიკური, მაგრამ მწვავე და მტკიცე პოზიციით, ამ რეჟიმის გაძევების.

ერთადერთი ვითარება, როდესაც ამ რეჟიმთან და ივანიშვილთან საჭირო იქნება კომუნიკაცია, ეს არის, როდესაც ვითარება იქნება გადატეხილი, ისინი უკვე იქნებიან ზღვარზე და ივანიშვილი იქნება შეგუებული იმასთან, რომ ძალაუფლება უნდა დათმოს. მხოლოდ მაშინ შეიძლება მათთან საუბარი და დისკუსია, ისე წავიდეს ეს კაცი და მისი გარემოცვა, რომ ქვეყანა კიდევ უფრო არ დააზიანოს. ეს უნდა იყოს ჩვენი ამოცანა, მხოლოდ ამაზე უნდა ვკონცენტრირდეთ" - თქვა ბოკერიამ და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ "დეოლიგარქიზაცია არ არსებობს ივანიშვილის რეჟიმის ჩამოცილების გარეშე".

ევროპული საქართველოს ლიდერის შეფასებით, "ყველა ილუზია იმ ადამიანების, ვინც საზოგადოებას ეუბნება, რომ შესაძლებელია რაღაც ტრანსფორმაცია, რაღაც კანონის მიღება დეოლიგარქიზაციის წინააღმდეგ, არის ან თავის მოტყუება ან საზოგადოების".

"ამიტომ შემოგვიერთდით და შემოურთდით იმ გზავნილს, იმ მოძრაობას, რომელიც ერთადერთ ამოცანას ისახავს მიზნად - ამ რეჟიმის და ივანიშვილის ჩამოშორება ძალაუფლებიდან, ახალი არჩევნები და ლიბერალურ დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე, ღირსებაზე, ჩვენი ევროპული იდენტობის დაბრუნებაზე ორიენტირებული ახალი ხელისუფლების შექმნა. ესაა ერთადერთი, რაც ამ ქვეყანას გამოიყვანს ამ ვითარებიდან" - თქვა ბოკერიამ.

ევროპული საქართველოს თავმჯდომარის შეფასებით, "ის, რაც საზოგადოებამ [22 ივნისს] ნახა საქართველოს არალეგიტიმურ პარლამენტში [ირაკლი ღარიბაშვილის მოხსენება] და რამაც გამოიწვია საზოგადოების აღშფოთება", იყო არამარტო სახე ამ რეჟიმის ზოგადად, არამედ განაცხადი, რომ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და საფრთხეს, რომ თავისუფალ სამყაროში დაბრუნების ისტორიული შანსი გავუშვათ ხელიდან, ივანიშვილის რეჟიმი განიხილავს საკუთარი ძალაუფლების განმტკიცების შესაძლებლობად.

"პირადაპირ გვითხრეს, რომ არათუ რამის შეცვლას აპირებენ, არამედ, ეს არის მათთვის ხელსაყრელი ვითარება. მათ უნდათ, რის დემონსტრირებასაც გუშინ ახდენდნენ - საზოგადოებას აჩვენონ მათი, ანუ ჩვენი უძალობა, ოპონენტების უძალობა პარლამენტში, გასული არიან ზღვრიდან ნებისმიერი თუნდაც მწვავე დისკუსიის, რომელიმე ინსტიტუტის ფარგლებში.

მე აქ არ ვსაუბრობ პარლამენტიდან გასვლის საკითხზე, ეს ჩავლილი მატარებელია, მე ვსაუბრობ დამოკიდებულებაზე, რომელიც საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ამ რეჟიმის მიმართ" - ამბობს გიგა ბოკერია.

კომენტარები