რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ინდოეთი კომპანიებს ფასდაკლებული რუსული ნავთობის შესყიდვისკენ მოუწოდებს

რუსეთ-უკრაინის ომის გამო, სანქციების გამკაცრების მიუხედავად, ინდოეთი რუსეთთან ვაჭრობის მოცულობას ზრდის და თავის კომპანიებს ფასდაკლებული რუსული ნავთობის შესყიდვისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას Wall Street Journal-ი ავრცელებს.

დასავლეთის მკაცრი ეკონომიკური სანქციებისა მიუხედავად, ჩინეთმა და ინდოეთმა რუსეთისგან ნავთობის იმპორტის მოცულობა მკვეთრად გაზარდეს, რაც შესაძლოა რუსეთს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანავთობო ემბარგოსგან მიღებული დანაკარგი აუნაზღაუროს. 

ამასთან ერთად, ჩინეთის, ინდოეთისა და თურქეთის მხრიდან გაზრდილი იმპორტის მიუხედავად, რუსეთის მიერ ექსპორტირებული ნავთობის მოცულობა ომამდელ მაჩვენებლებს კვლავ ჩამორჩება.

გამოცემის ინფორმაციით, გასული კვირების განმავლობაში ინდური სანავთობო კომპანიებმა მიიღეს რეკომენდაცია, რომ "ისარგებლონ შექმნილი ვითარებით და გაზარდონ იაფი რუსული ნავთობის შესყიდვები". 

ინდოეთის მთავრობა აღნიშნულ ფაქტს უარყოფს.

"ჩვენ კომპანიების კომერციულ საქმიანობაში არ ვერევით და არ მივუთითებთ კომპანიებს რა ნავთობი შეიძინონ, ჩვენი საქმე წესების ჩამოყალიბებაა". - ნათქვამია განცხადებაში. 

გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვმა პეკინს რუსეთ-უკრაინის ომის გამო, სანქციების ფონზე ნედლი ნავთობი ფასდაკლებით მიჰყიდა.

წინა წელთან შედარებით ჩინეთში რუსული ნავთობის იმპორტი 55%-ით გაიზარდა, მაისში რეკორდულ დონს მიაღწია, რამაც ჩაანაცვლა საუდის არაბეთი, როგორც ჩინეთის უდიდესი მიმწოდებელი.

ჩინეთმა გააძლიერა რუსული ნავთობის შესყიდვები, მიუხედავად იმისა, რომ Covid-ისა და ეკონომიკის შენელების გამო მოთხოვნა შემცირდა. თებერვალში ჩინეთმა და რუსეთმა განაცხადეს, რომ მათ მეგობრობას "საზღვრები არ აქვს“.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები