რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კანადამ უკრაინის დასახმარებლად დამატებით $733 მილიონი გამოყო

კანადის პრემიერმინისტრი ჯასტინ ტრუდო და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში, 8 მაისი, 2022.
Sergei Supinsky/AFP/Getty Images

უკრაინის ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კანადამ უკრაინის დასახმარებლად დამატებით $733 მილიონი გამოყო.

უკრაინის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, თანხა, რომელიც უკრაინასა და კანადას შორის სასესხო ხელშეკრულების შესაბამისად შეგროვდა, სახელმწიფო ბიუჯეტში პრიოტირეტული ხარჯების დასაფინანსებლად გამოიყენება, კერძოდ, ჰუმანიტარული და სოციალური ხარჯების მიმართულებით.

უკრაინის ფინანსთა მინისტრმა, სერგი მარჩენკომ კანადის მთავრობას მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, მოკავშირე ქვეყნის მსგავსი ნაბიჯი, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ კანადა უკრაინას მხარს უჭერს და მზადაა, გადამწყვეტ მომენტში, კიევის გვერდით დადგეს. 

აქამდე, კანადამ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის, მარკო მენდიცინოს ინფორმაციით, სანქციები პუტინის რეჟიმის თამოაზრეებსა და მხარდამჭერებსაც შეეხო, მათ შორის, არაპროვოცირებულ შეჭრაზე პასუხისმგებელ ადამიანებს. მისივე სიტყვებით, რუსეთის ამ მოქალაქეების წინააღმდეგ კანადამ სანქციები უკვე დააწესა. ახლა კი, ქვეყანაში შესვლას უკრძალავს. მენდიცინოს შეფასებით, ეს ერთ-ერთი გზაა იმ მრავალთაგან, რომლითაც შესაძლებელია, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრაზე პასუხი აგოს. 

ასევე, კანადამ სანქციები ოთხ რუსულ კომპანიასაც დაუწესა, მათ შორის საინვესტიციო სავაჭრო ბანკებს, PJSC-ს, რუსეთის აგრარული ბანკს, RVC Management Company LLC-სა და რუსეთის პირდაპირ საინვესტიციო ფონდს. სანქციები აქტივების გაყინვასა და ქვეყანაში შესვლის აკრძალვას მოიცავს. 

კანადა უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს. ომის დაწყებიდან დღემდე, კანადამ სანქციები რუსეთისა და ბელარუსის, დაახლოებით, 1 000 მოქალაქეს დაუწესა. 

კომენტარები