ფულადი გზავნილები

რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ბელარუსი – ქვეყნები, საიდანაც გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 505.7 მლნ აშშ დოლარი (1502.1 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 169.4%-ით (318 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

შემოსული გზავნილების 62.07% რუსეთის ფედერაციაზე მოდის - 313.9 მლნ დოლარი, რაც 888.78%-ით მეტია 2021 წლის მაისთან შედარებით. ამასთან, რუსეთის გარდა კიდევ ხუთი ქვეყანაა, საიდანაც ფულადი გზავნილები 100%-ზე მეტად გაიზარდა.

ქვეყნები, საიდანაც ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა: 

  1. რუსეთის ფედერაცია - 313.9 მილიონი დოლარი (888.73%-იანი ზრდა);
  2. ყაზახეთი - 20.81 მლნ დოლარი (586.63%-იანი ზრდა);
  3. ყირგიზეთი - 5.68 მლნ დოლარი (371.51%-იანი ზრდა);
  4. ბელარუსი - 1.29 მლნ დოლარი (210.08%-იანი ზრდა);
  5. ტაჯიკეთი - 1.86 მლნ დოლარი (202.98%-იანი ზრდა);
  6. უზბეკეთი - 1.33 მლნ დოლარი (191.67%-იანი ზრდა);

ქვეყნები, საიდანაც გასულ თვეს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა: 

  1. რუსეთის ფედერაცია - 313.9 მილიონი დოლარი;
  2. იტალია - 36.82 მილიონი დოლარი;
  3. აშშ - 27.78 მილიონი დოლარი;
  4. ყაზახეთი - 20.81 მილიონი დოლარი;
  5. საბერძნეთი - 20.33 მილიონი დოლარი;
  6. ისრაელი - 16.07 მილიონი დოლარი;
  7. გერმანია - 13.31 მილიონი დოლარი;
  8. თურქეთი - 8.13 მილიონი დოლარი;
  9. ყირგიზეთი - 5.68 მილიონი დოლარი.
  10. ესპანეთი - 4.96 მილიონი დოლარი

2022 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 28.7 მლნ აშშ დოლარი (85.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2021 წლის მაისის (22.9 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 25.4%-ით მეტია. 


2021 წელს ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 2.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.

მსოფლიო ბანკის [WB] ინფორმაციით, საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებული ქვეყნების რეიტინგში 21-ე ადგილზეა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოეთში დასაქმებული ქართველების მიერ გამოგზავნილ თანხებზეა დამოკიდებული. 

სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ქვეყნის ეკონომიკის ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი შედარებით დაბალშემოსავლიან ქვეყნებშია. 

მსოფლიო ბანკის რეიტინგში პირველ ადგილს ტონგა იკავებს, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 37.2% ფულად გზავნილებზე მოდის; 35.3%-ით მეორე ადგილზე სომალია; საერთაშორისო რეიტინგში მესამე ადგილს კი ყირგიზეთი იკავებს, მისი ეკონომიკის 31.3% ფულად გზავნილებზეა დამოკიდებული. 

აღსანიშნავია, რომ განვითარებულ ქვეყნებში ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მაჩვენებელი 1%-ზე ნაკლებია, რაც იმაზე მიუთითებს, ქვეყნის ეკონომიკის მხოლოდ უმცირესი ნაწილი ივსება უცხოეთში დასაქმებული მოქალაქეების მიერ გამოგზავნილი ფულადი სახსრებით. 

კომენტარები