ევროპული საქართველო

ბოკერია: ოცნების ტყუილია, რომ აქტიურობა საფრთხეს გვიზრდის, ჩვენ ახლა უნდა ვიმოქმედოთ

ჩვენი მთავრობა არ არსებობს არსად ჩვენი ქვეყნის ინტერესის დასაცავად - მარტო ამ ფორუმზე კი არა, ერთი ფორუმით არ წყდება არაფერი. თუმცა, მინდა დაგარწმუნოთ, რომ რასმუსენთან კონტაქტზე რომ ყოფილიყო, მაგალითად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მე დარწმუნებული ვარ, სხვანაირი მთავრობის პირობებში, ერთ-ერთ პანელზე ამ რეგიონის მოქმედ თანამდებობის პირებთან ერთად, საქართველოც იქნებოდა წარმოდგენილი. 

ასეთი ელემენტებისგან შედგება ქვეყნის კამპანიის წარმოება - ისეთის, როგორსაც აწარმოებდნენ ლიტველები, ლატვიელები, ესტონელები, პოლონელები 1990-იან წლებში და 2000-იანების დასაწყისში, როცა აწუხებდნენ ყველა ფორმატში, ყველა ტრიბუნაზე, რომ ისინი არიან თავისუფალი სამყაროს ნაწილი, მათ ეკუთვნით NATO-ს წევრობა, მათ სჭირდებათ მხარდაჭერა თავდასაცავად, იმიტომ, რომ თავისუფალი ქვეყნები არიან.

ჩვენ დღეს უნდა გვყავდეს მთავრობა, რომელიც ამ სარისკო, მაგრამ, ამავდროულად, დიდი შესაძლებლობებით აღსავსე მომენტში - შესაძლებლობით, რომ დავუბრუნდეთ ჩვენს ისტორიულ ადგილს ევროპაში, იმოქმედებს ამისთვის. საქართველოს დასაცავად. სრულიად საპირისპიროდ იმ სამარცხვინო ტყუილებისა, რასაც ქართული ოცნება და ივანიშვილის რეჟიმი ავრცელებს: ახლა აქტიურობა ჩვენ საფრთხეს გვიზრდის. ჩვენ ახლაც გვაქვს საფრთხე პუტინისგან. უკრაინაში რუსეთის დამარცხებით ეს საფრთხე ავტომატურად შეიძლება არ გაქრეს. თუ გაქრა, ხომ ძალიან კარგი, მაგრამ ამის იმედად ყოფნა არ შეიძლება. ეს საფრთხეები რეგიონში დარჩება.

ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ახლა. საუბედუროდ, ახლა სანამ ეს რეჟიმია, შანსი არა გვაქვს. საბედნიეროდ, ჩვენ გვაქვს რაღაც დრო, არა უსასრულო, რომ ჩვენი ქვეყანა ფორმაში მოვიყვანოთ და ამ დროს ვაშინგტონში, ბრიუსელში - ყველგან აქტიურად ვიმოქმედოთ. 

თქვა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ კოპენჰაგენის 2022 წლის დემოკრატიის სამიტის შესახებ TV პირველთან საუბრისას.

კომენტარები