საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საქსტატი: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა ესპანეთიდან შემოვიდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2022 წლის I კვარტლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წინასწარი განახლებული სტატისტიკა გამოაქვეყნა. 

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წლის I კვარტალში $568.2 მილიონი შეადგინა, რაც $435.7 მილიონით (4.3-ჯერ) აღემატება 2021 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებს. საქსტატის ცნობით, ზრდა ძირითადად სააქციო კაპიტალისა და რეინვესტიციის მაჩვენებლების გაზრდამ განაპირობა.

2022 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა ესპანეთიდან შემოვიდა და $196 მილიონი შეადგინა. 

მეორე ადგილზე დიდი ბრიტანეთია - $87.2 მილიონით (15.3%), ხოლო მესამეზე თურქეთი - $67.1 მილიონით (11.8%).

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და $236.4 მილიონი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 41.6%-ია. მეორე ადგილს იკავებს საფინანსო სექტორი - $111.1 მილიონია, ხოლო მესამეზე უძრავი ქონების სექტორი $81.3 მილონით იმყოფება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით,  მშენებლობის სფეროში 19.1 მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიციები, ხოლო ტურიზმში 12 მილიონი დოლარის ინვესტიციები ჩაიდო.

კომენტარები