ინფლაცია საქართველოში

სებ: თუ შოკი არ გაჩნდა, ინფლაცია მომავალი წლის შუაში მიუახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს

ტაბულა

"თუ შოკი არ გაჩნდა, რისი პროგნოზირებაც ახლა შეუძლებელია, ჩვენი პროგნოზი არის, რომ ინფლაცია მომავალი წლის შუაში მივა მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს" - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ახლა ინფლაცია არის "გლობალური პრობლემა".

"ეროვნული ბანკის პოლიტიკა სწორად არის ფოკუსირებული ინფლაციის მიზნობრივთან დაახლოებისკენ. ჩვენ გვაქვს ყოველგვარი მოლოდინი, რომ ერთჯერადი, უფრო სწორად, საგარეო ფაქტორების მილევის შემდგომ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება მომავალი წლის შუაში. რა თქმა უნდა, ჩვენი პროგნოზი ეფუძნება დღეისთვის არსებულ ინფორმაციას" - თქვა მესტვირიშვილმა.

2021 წელს საქართველოში ინფლაციის დონემ ბოლო ათი წლის რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ინფლაციის დონის ზრდა ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების მატებას, ანუ საქონლისა და სერვისების გაძვირებას და ეროვნული ვალუტის მსყიდველობითუნარიანობის შემცირებას გულისხმობს. ეკონომისტებისა თუ საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებით, ქვეყნის წინაშე მდგარი უმთავრესი გამოწვევა მაღალი ინფლაციის დონეა. 

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის თქმით, ინფლაცია და ფასები გამოწვევად დარჩება მიმდინარე წელსაც. ეროვნული ბანკის შეფასებით კი, "ამ ეტაპზე  არსებული პროგნოზით მოსალოდნელია, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მარტიდან შემცირდება, თუმცა წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება". სებ-ი აღნიშნავს, რომ საწვავის ფასების მკვეთრ მატებას ინფლაციის მაჩვენებელზე საგრძნობი გავლენა ექნება. ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი რეკორდულ 12%-მდე გაზარდა და განმარტა, რომ მონეტარული პოლიტიკა "გამკაცრებისკენ მიდრეკილი" დარჩება მანამ, სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით არსებული რისკები საკმარისად არ შერბილდება.

კომენტარები