პატრიარქი ელისაბედ II-ს: პატივისცემით ვიხსენებ თქვენთან შეხვედრას და ღრმაშინაარსიან საუბარს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელისაბედ II-ს ტახტზე ასვლის 70 წლისთავს ულოცავს. 

"საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ტახტზე აღსაყდრების  70 წლისთავს. დღეს მსოფლიოში თქვენ ბრძანდებით ყველაზე გამორჩეული მონარქი და სამეფო ტახტის ყველაზე ძლიერი და გავლენიანი გამგებელი.

თქვენი მოღვაწეობა მთელი ეპოქაა, რომელმაც წლების მანძილზე განამტკიცა თქვენი ქვეყანა განსაკუთრებით რთულ პერიოდებში და წარუშლელი როლი შეასრულა თქვენი სამეფოს ისტორიაში.

ყოველთვის დიდი პატივისცემით ვიხსენებ თქვენთან შეხვედრას და ღრმაშინაარსიან საუბარს. შევთხოვ ღმერთს თქვენს დღეგრძელობას და თქვენი სამეფო ოჯახის შემდგომ წარმატებებს". – ნათქვამია პატრიარქის მილოცვაში.

ელისაბედ II-ის ტახტზე ასვლიდან 70 წელი გავიდა. დედოფალმა ტახტი 1952 წელს დაიკავა და იგი ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე გრძელვადიანი მონარქია.

კომენტარები