რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პაპი ფრანცისკე: უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე შესაძლო ვიზიტზე ვისაუბრებთ

REUTERS/Remo Casilli

პაპი ფრანცისკეს თქმით, მომავალ კვირას ის უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება და მათ შორის, უკრაინაში მის შესაძლო ვიზიტზე ისაუბრებენ.

პაპს ვატიკანის ერთ-ერთ მთავარ მოედანზე უკრაინელმა ბიჭმა ჰკითხა: "შეგიძლიათ უკრაინაში ჩახვიდეთ ყველა იმ ბავშვის გადასარჩენად, რომლებიც იქ ახლა იტანჯებიან?"

პაპმა მას უპასუხა, რომ ხშირად ფიქრობდა უკრაინელ ბავშვებზე და სურდა მათი მონახულება, თუმცა შესაფერისი დრო უნდა შეერჩია.

"მარტივი არ არის ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შეიძლება მსოფლიოს იმაზე მეტი ზიანი მიაყენოს, ვიდრე სიკეთე. მე უნდა შევარჩიო შესაბამისი მომენტი ამის გასაკეთებლად. მომავალ კვირას, მე შევხვდები უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებს, რომლებიც აქ ჩამოვლენ და მათ შორის, ვისაუბრებთ იქ ჩემს შესაძლო ვიზიტზე". – თქვა პაპმა ფრანცისკემ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები