რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მედვედევი: EU-ს სანქციები რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგაა მიმართული

დმიტრი მედვედევი
TASS

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი ევროკავშირის სანქციების მე-6 პაკეტს ეხმაურება და ამბობს, რომ დაწესებული შეზღუდვები რუსეთის რიგითი მოქალაქეების წინააღმდეგაა მიმართული.

"ევროკავშირის სანქციები მოტივირებულია სიძულვილით და მიმართულია რუსეთის რიგითი მოქალაქეების წინააღმდეგ.

ეკონომიკური სანქციების გაუთავებელი ტანგო არ შეეხება რუსეთის პოლიტიკურ ელიტას, თუმცა დიდ ზარალს აყენებს მსხვილ ბიზნესებს". - წერს მედვედევი Telegram-ზე.

მედვედევის თქმით, ნავთობისა და გაზის იმპორტზე დაწესებული სანქციები გადასახადების გადამხდელებს მიემართება და მთავრობას ბიუჯეთის შემცირებას აიძულებს.

მედვედევის განცხადება გავრცელდა მას შემდეგ, რაც 31 მაისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, უკრაინაში რუსეთის შეჭრის პასუხად, მოსკოვისთვის სანქციების მეექვსე პაკეტის დაწესებაზე შეთანხმდნენ, რაც რუსეთიდან ნავთიბის იმპორტის ნაწილობრივ აკრძალვას ითვალისწინებს. 

დაწესებული სანქციების მიხედვით, ევროკავშირი რუსული ნავთობის საზღვაო გზით მიღებაზე უარს ამბობს. ამჟამად გამონაკლისი არის მილსადენი დრუჟბა, რომელიც უნგრეთის მთავარი ნავთობმიმწოდებელი ხაზია. ამ გამონაკლისის მეშვეობით, შესრულდა უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის მოთხოვნა, რომელიც სრულ ემბარგო ეწინააღმდეგება და თვლის, რომ ეს ქვეყნის ეკონომიკას დააზარალებს.

ევროკავშირი ამბობს უარს რუსულ ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე. 

ამას გარდა, სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს რუსეთის უმსხვილესი ბანკის, სბერბანკის SWIFT-ის სისტემიდან გარიცხვას, ევროკავშირის ტერიტორიაზე სამი რუსული სამთავრობო არხის მაუწყებლობის შეზღუდვასა და უკრაინაში ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების ტაწესებას. ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელ პირთა სია მომდევნო დღეებში გამოქვეყნდება.

სანქციების პაკეტი 1 ივნისიდან ამოქმედდება.

როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ამბობს, სანქციები დაუყოვნებლივ შეეხება ევროკავშირში იმპორტირებული რუსული ნავთობის 75%-ს, წლის ბოლომდე კი 90%-ს.

კომენტარები