საქართველოს ეკონომიკა

აპრილში საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ 2.6%-ით გაიზარდა

საიმონ დოუსონი / Bloomberg

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა (მშპ) 2.6%-ით გაიზარდა, წლის პირველი 4 თვის საშუალო მაჩვენებელი კი 10.8%-ით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ იანვარში ეკონომიკური ზრდა 18% იყო, თებერვალში 14.6%, მარტში კი - 10.6%.

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: ტრანსპორტი და დასაწყობება, სასტუმროები და რესტორნები, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, სამთომოპოვებითი მრეწველობა.

კლების ტენდენცია იყო მშენებლობის, დამამუშავებელი მრეწველობის, პროფესიული, სამეცნიერო, ტექნიკური საქმიანობებისა და ვაჭრობის დარგებში.


2021 წელი ქვეყანამ მშპ-ს 10.4%-იანი ზრდით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საბაზისო ეფექტი, ანუ 2020 წელს დაფიქსირებული შემცირებაა, რადგან მშპ-ს ზრდის მაჩვენებელი გასული წლის მონაცემებთან შედარებით გამოითვლება. 

2021 წლის ბოლოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ "2022 წელს დაგეგმილი გვაქვს 6%-იანი ეკონომიკურ ზრდა. ქვეყნის ეკონომიკის მოცულობა მომავალ წელს იქნება 65 მილიარდი ლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ მშპ ერთ სულ მოსახლეზე 5 500 დოლარს გადააჭარბებს, რაც ისტორიული მაქსიმუმი იქნება".

მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2022 წლის დასაწყისში გამოქვეყნდა, წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა შენელდება და ორნიშნა მაჩვენებლიდან 5-5.5%-მდე შემცირდება. 

თუმცა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 მარტს განაცხადა, რომ "დღევანდელი გადმოსახედიდან, ზრდის ტემპი 3-4%-ის ფარგლებში იქნება".

კომენტარები