რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი უკრაინის ევროკავშირში წევრობაზე ნიდერლანდებისგან მკაფიო პოზიციას ითხოვს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის აზრით, ნიდერლანდების პრემიერმინისტრმა, მარკ რიუტემ უკრაინის ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით უფრო მკაფიო პოზიცია უნდა დააფიქსიროს.

"მას [ნიდერლანდების პრემიერმინისტრს] ღიად ვუთხარი: თუ ფიქრობთ, რომ ევროკავშირში ჩვენი ადგილი არის, მაშინ მკაფიოდ უნდა თქვათ. თქვენ ნამდვილად გვეხმარებით, რისთვისაც მადლიერები ვართ. თუმცა, ევროკავშირთან დაკავშირებით ჩუმად იყავი. ჩვენ თქვენი ხმის გაგონება გვსურს". - აღნიშნა ზელენსკიმ Nieuwsuur-თან ინტერვიუში.

უკრაინის პრეზიდენტს სჯერა, რომ მისი ქვეყანა ევროკავშირში წევრობისთვის მზადაა. ზელენსკის თქმით, დასავლეთისგან ეს ნაბიჯი "ძლიერი გზავნილი იქნება" როგორც უკრაინელი ხალხისთვის, ისე რუსეთისთვის. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ევროკავშირის წევრი ქვეყნები, მათ შორის ნიდერლანდები, უკრაინის ალიანსში მიღებისგან თავს იკავებს კორუფციაა: უკრაინა 122-ე ადგილზე ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულ სახელმწიფოთა სიაში. 

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ნიდერლანდების მოსახლეობის 62% უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, პოლიტიკოსებმა მხარი უნდა დაუჭირონ უკრაინის ევროკავშირში წევრობას, რადგან ისინი ხალხის მიერ არჩეულები არიან - გამოკითხვის თანახმად კი ევროკავშირის მოსახლეობას უკრაინის ალიანსში წევრობა სურს. 

8 აპრილს, კიევში ვიზიტის დროს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ფონ დერ ლეიენმა ზელენსკის კითხვარი გადასცა, რომლის შევსებაც უკრაინის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელი ნაბიჯია.

ქვეყანამ კითხვარის პირველი ნაწილი 17 აპრილს დაასრულა, ხოლო მეორე ნაწილის - 9 მაისს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას ივნისში ელოდება.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. ევროკავშირმა აქტივები გაუყინა და მოგზაურობა აუკრძალა 1000-ზე მეტ ადამიანს, მათ შორის 30-ზე მეტ ოლიგარქს. ევროკომისიის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნების მიერ თითქმის 10 მილიარდი ევროს ღირებულების აქტივებია გაყინული. 

კომენტარები