რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინმა სამხედრო სამსახურში ასაკობრივი ზედა ზღვრის გაუქმების კანონს ხელი მოაწერა

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში ასაკობრივი ზედა ზღვრის მოხსნის შესახებ კანონს ხელი მოაწერა.

კანონის მიღებამდე პირველ კონტრაქტზე რუსეთის მოქალაქეებისთვის ზღვარი 18-დან 40-წლამდე იყო, უცხოელებისთვის კი 18-დან 30-მდე. ახალი კანონი ზედა ზღვარს საერთოდ აუქმებს. ინიციატივის ავტორების თქმით, ასაკობრივი შეზღუდვის მოხსნა ჯარში მეტი პროფესიონალის მოზიდვას შეუწყობს ხელს, რომლებიც "40-45 წლის ასაკში მაღალი სიზუსტის იარაღთან მუშაობის აუცილებელ გამოცდილებას მიიღებენ".

"სენატორებს აინტერესებთ, რა ასაკამდე შევძლებთ სამხედრო სამსახურში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების წაყვანას კონტრაქტით. შესაძლებელია, გადაჭრით ვუპასუხოთ – 50-წლამდე". - თქვა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, ნიკოლაი პანკოვმა.

მისივე თქმით, ახლადმიღებული კანონი არმიის მძღოლებზე, საპარაშუტო-სადესანტო ძალების მედიკოსებსა და მზარეულებზეც გავრცელდება.

კანონპროექტის ავტორები სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი, ანდრეი კარტაპოლოვი და მისი პირველი მოადგილე, ანდრეი კრასოვი არიან. კარტაპოლოვი 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის მარტამდე სირიაში რუსულ ჯარებს მეთაურობდა. კრასოვმა რუსეთის გმირის წოდება 2008 წელს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტში მონაწილეობისთვის მიიღო, სადაც ერთ-ერთი ბატალიონის ტაქტიკურ ჯგუფს ხელმძღვანელობდა.

კომენტარები