რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

თრასი: ჩვენ ვთვლით, რომ უკრაინის ტანკებითა და თვითმფრინავებით დახმარება სრულიად ლეგიტიმურია

Kuba Stezycki/Reuters

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ თრასმა თქვა, რომ მოკავშირე ქვეყნების მხრიდან უკრაინაში ტანკებისა და თვითმფრინავების გაგზავნა სრულიად ლეგიტიმურია.

"ჩვენ ძალიან ცხადად ვამბობთ, რომ სრულიად ლეგიტიმურია უკრაინის ტანკებითა და თვითმფრინავებით დახმარება და ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩეხეთს იმ სამუშაოსთვის, რომლის ფარგლებშიც მან [ჩეხეთმა] უკრაინას ტანკები გადასცა". - თქვა ლიზ თრასმა. 

მძიმე სამხედრო შეიარაღებასთან დაკავშირებით, 25 მაისს ბორის ჯონსონმა თქვა:

"რაც მათ ახლა სჭირდებათ არის სარაკეტო სისტემები, ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა, MLRS-ი, რომელიც მათ საშუალებას მისცემს თავი დაიცვან რუსეთის ამ ძალიან დაუნდობელი არტილერიისგან და მსოფლიო ამ მიმართულებით უნდა მიდიოდეს". – ამბობს ჯონსონი Bloomberg TV-სთან საუბარში.

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას £1.3 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარება გამოუყო. 

ასევე, ბორის ჯონსონმა უკრაინის რადასთვის მიმართვისას თქვა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით £300 მილიონს გამოყოფს. აღნიშნული სამხედრო დახმარების პაკეტი ელექტრონულ საბრძოლო აღჭურვილობას, ბატარეის საწინააღმდეგო სარადარო სისტემას, GPS-ის ჩამკეტებსა და ღამის ხედვის მოწყობილობებს მოიცავდა.

დიდმა ბრიტანეთმა აქამდე უკრაინაში 100 მილიონი ფუნტის ღირებულების მაღალი კალიბრის სამხედრო აღჭურვილობა გაგზავნა. ასევე, რამდენიმე ათეული NHS-ის სასწრაფო მანქანა.

გასულ კვირებში გავრცელებული ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთი უკრაინას სარაკეტო სისტემებით აღჭურვილ ჯავშანტექნიკას გაუგზავნის.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ სოლსბერის დაბლობზე Stormer HighVelocity Missile (HVM) ჯავშანტექნიკა გამოცადა. ამასთან ერთად, ბრიტანეთი უკრაინაში 13-ტონიანი მანქანებისა და C-17 სატრანსპორტო თვითმფრინავების გაგზავნას გეგმავს

Stormer დამზადებულია BAE Systems-ის მიერ. მის გასაშვებად სამი ადამიანია საჭირო და Starstreak რაკეტებს იყენებს.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ვადიმ დენისენკო ამბობს, უკრაინას წინ აქვს დონბასისთვის ბრძოლის "ძალიან მძიმე თვე".

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა 24 მაისს თქვა, რომ რუსეთის აგრესია ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

კომენტარები