დიასპორის დღე

ზურაბიშვილი: უცხოეთში მყოფ ქართველებს არჩევნებში ელექტრონულად მონაწილეობა უნდა შეეძლოთ

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს არჩევნებში მონაწილეობა ელექტრონულად უნდა შეეძლოთ. ამის შესახებ ზურაბიშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ისაუბრა.

"სადამდე უნდა იყოს, რომ უცხოეთში გვყავდეს მილიონზე მეტი ადამიანი და არჩევნებში მონაწილეობდეს დაახლოებით ათასობით ადამიანი. დღეს არსებობს ელექტრონული ფორმით არჩევნებში მონაწილეობის მიღების საშუალებები. ჩვენს ქვეყანაში ეს გამოვცადეთ ბოლო არჩევნებზე და ალბათ დროა, გადავიდეთ ამ საშუალების გამოყენებაზე, რათა უცხოეთში მყოფ ქართველებს მივცეთ საშუალება, უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა.

თან როდესაც არ ცხოვრობ საელჩოებთან ახლოს, არაა აუცილებელი გაიხსნას უამრავი საარჩევნო კომისია თავისი ყველა პრობლემებით. თან როცა არ ცხოვრობ ისე ახლოს დედაქალაქთან რომელიმე ქვეყანაში, ალბათ უფრო სხვა საკითხებზე ფიქრობ და ეს ალბათ პოლარიზაციასაც ქვემოთ დასწევდა". - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

მისივე თქმით, კიდევ ბერვი რამ შეიძლება გაკეთდეს ქართული დიასპორისთვის, რათა უცხოეთში მყოფი ქართველები უფრო მეტად იყვნენ ჩართულები ქვეყნის საქმეებში. ზურაბიშვილის თქმით, ასეთია "დიასპორის სახლი", რომელიც მისივე განმარტებით, არაა აუცილებელი იყოს შენობა, შეიძლება, იყოს ვირტუალური.

"რომელიც ერთი ფანჯრის პრინციპით იმუშავებდა ყველა კითხვაზე, რაც დაისმებოდა დიასპორაში, რაც შეიძლება ეხებოდეს დაბრუნებას, ან დროებით დაბრუნებას, მონაწილეობას რაღაცებში. როცა უცხოეთში და ვხვდები დიასპორის წარმომადგენლებს, მოდის ინიციატივები, რომ მზად ვართ მასტერკლასები ჩავატაროთ ზაფხულში, ჩავერთოთ სხვადასხვა მიმართულებით რეგიონებში, მაგრამ მერე ამის ამოქმედება აქედან საკმაოდ რთულია, რადგან ამას არ აქვს თავისი პროცედურები. დიასპორის სახლი სწორედ ამაზე იქნება მიმართული და პასუხისმგებელი, რომ ინიციატივები უპასუხოდ არ დარჩეს". - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ასევე აუცილებელია, რომ დიასპორას საქართველოს პარლამენტში წარმომადგენლები ჰყავდეს. პრეზიდენტის აზრით, ეს, შესაძლოა, შესაბამისი კვოტების დაწესებით მოხდეს.

კომენტარები