დიასპორის დღე

ზურაბიშვილი: აუცილებელია, დიასპორას ჰყავდეს წარმომადგენლები პარლამენტში – შესაძლოა, კვოტით

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიასპორის დღის ღონისძიებაზე საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საჭიროებებზე ისაუბრა. ზურაბიშვილის თქმით, აუცილებელია, რომ დიასპორას საქართველოს პარლამენტში წარმომადგენლები ჰყავდეს. პრეზიდენტის აზრით, ეს, შესაძლოა, შესაბამისი კვოტების დაწესებით მოხდეს.

"აუცილებელია, რომ როგორც ყველა სხვა დიდი დიასპორის ქვეყანა, და ჩვენ ვართ ჩვენთვის დიდი დიასპორის მქონე ქვეყანა, მოვაგვაროთ საკითხი, რომ დიასპორას ჰყავდეს პარლამენტში თავისი ინტერესების წარმომადგენლები. რადგან ჩვენ გადავდივართ სისტემაზე, სადაც აღარ იქნებიან მაჟორიტარები, ვერ მოხდება მაჟორიტარების ფორმით, მაგრამ შეიძლება მოხდეს კვოტების ფორმით. ყველა პარტიამ აიღოს ვალდებულება, რომ თავიანთ სიაში ყოველი ერთი ათიდან, მაგალითად, იყოს დიასპორის წარმომადგენელი". – თქვა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა დიასპორის წარმომადგენლების არჩევნებში მონაწილეობის პრობლემაზე. ზურაბიშვილის თქმით, არჩევნებში მონაწილეობას მათი მცირე ნაწილი იღებს, ამის მოგვარება კი ელექტრონული საარჩევნო სისტემის დანერგვითაა შესაძლებელი.

"როდემდე, უნდა იყოს, რომ ჩვენ გვყავდეს მილიონზე მეტი ადამიანი უცხოეთში და არჩევნებში მონაწილეობდეს ათასობით, აღარც მახსოვს ციფრი, იმდენად მცირეა. დღეს არსებობს არჩევნებში მონაწილეობის მიღების ელექტრონული საშუალებები. ჩვენს ქვეყანაში ეს გამოვცადეთ ბოლო არჩევნებზე და ალბათ, დროა, გადავიდეთ ამ საშუალებების გამოყენებაზე, რომ მივცეთ უცხოეთში მყოფ ქართველებს საშუალება უშალოდ მიიღონ მონაწილეობა. [...] არ არის აუცილებელი, რომ გაიხსნას უამრავი საარჩევნო კომისია, თავისი ყველა პრობლემით. თან, როცა არ ცხოვრობ ისე ახლოს რომელიმე ქვეყანაში დედაქალაქთან, ალბათ, უფრო სხვა საკითხებზე ფიქრობ. ეს ალბათ, პოლარიზაციასაც ცოტა ქვევით დაწევდა. კიდევ ბევრი რამ არის, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ დიასპორა იყოს უფრო მეტად ჩართული".  – თქვა ზურაბიშვილმა.

კომენტარები