რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კანადა უკრაინას ჰაუბიცებისთვის 20 000 ჭურვს გადასცემს

კანადის თავდაცვის მინისტრის, ანიტა ანანდის ინფორმაციით, უკრაინას М-777 ჰაუბიცის 155 მმ-იანი ჭურვები გადაეცემა. მისივე თქმით, ჭურვებს კანადა უკრაინისთვის $500 მილიონიანი პაკეტის ფარგლებში შეისყიდის. 

"კანადა უკრაინისა და მისი მოსახლეობის გვერდით დგას, რადგან ჩვენ პუტინის უკანონო და გაუმართლებელ თავდასხმას ვგმობთ. დღევანდელი განცხადება არის ჩვენი ურყევი ვალდებულების კიდევ ერთი მაგალითი. ჩვენ უკრაინას დამატებით სამხედრო ტექნიკას მივაწოდებთ, რაც მას სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის დასაცავად სჭირდება. უკრაინის სამხედრო ძალების მხარდასაჭერად ჩვენ მათ მეტ აღჭურვილობას ვუგზავნით". - თქვა კანადის თავდაცვის მინისტრმა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა 24 მაისს თქვა, რომ რუსეთის აგრესია ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

კომენტარები