რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანიამ და იტალიამ კომპანიებს რუსული გაზისთვის ანგარიშის რუბლში გახსნის ნება დართეს - REUTERS

REUTERS/Vasily Fedosenko

გერმანიამ და იტალიამ თავიანთ კომპანიებს ანგარიშის რუბლებში გახსნის უფლება მისცეს, რათა რუსული გაზის შეძენა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევის გარეშე შეძლონ. ინფორმაციას მედია სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ამასთან ერთად, ფინეთმა, ბულგარეთმა და პოლონეთმა გაზის რუბლებში შეძენაზე უარი განაცხადეს, რის გამოც ამ ქვეყნებში რუსული გაზის მიწოდება შეწყდა.

ბრიუსელმა სანქციების დარღვევის გარეშე რუსული გაზი შეძენის შესახებ ორი წერილობითი გზამკვლევი გამოაქვეყნა, თუმცა, ლეგალური მარშრუტი კვლავ ბუნდოვანია, რადგან ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დახურულ შეხვედრაზე ფირმებს ურჩიეს, რომ Gazprom-ში ანგარიში არ გაეხსნათ.

დიპლომატების თქმით, აღნიშნული ფაქტი ევროკავშირის ერთიანობას საფრთხეს შეუქმნის.

მედიის ორი წყაროს თანახმად, ევროკომისიასთან კომუნიკაციის შემდეგ გერმანიის მთავრობამ გერმანელ იმპორტიორებს განუმარტა, რომ მათ ანგარიშის რუბლში გახსნა სანქციების დარღვევის გარეშე შეეძლებათ.

გამოცემის მიხედვით, იტალიის მთავრობა, სავარაუდოდ, ევროკომისიასაც ესაუბრა.

"ეს მოხდა მანამ, სანამ იტალიური ენერგეტიკული კომპანია Eni სამშაბათს განაცხადებდა, რომ ორი ანგარიშის გახსნა დაიწყო, ერთი ევროში და ერთი რუბლში“. - წერს Reuters-ი.

გასულ კვირას იტალიის პრემიერმინისტრმა, მარიო დრაგიმ აღნიშნა, რომ გაზის რუბლებში გადახდის კანონიერების საკითხი "ნაცრისფერი ზონაა", თუმცა აღნიშნულ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ორი წყაროს მიხედვით, კომპანიებს ანგარიშების რუბლში გახსნა შეუძლიათ  სანქციების დარღვევის გარეშე, თუ Gazprom-ში გადახდები რუსულ ვალუტაში არ იქნება.

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უდიდესია ევროკავშირის ისტორიაში. მათი მიზანი რუსეთის ეკონომიკისა და კრემლისთვის მძიმე დარტყმის მიყენებაა

ევროკავშირმა რუსეთის რვა ბანკი SWIFT-ის სისტემიდან გათიშა. SWIFT საერთაშორისო ფინანსური ტრანზაქციების მსოფლიოში უდიდესი საკომუნიკაციო სისტემაა. ამ ქსელიდან რუსეთის გათიშვა უდიდეს ზიანს მიაყენებს მის ეკონომიკას. ეს ნაბიჯი რუსულ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს ეკონომიკური ოპერაციების ჩატარების უნარს უზღუდავს. კერძოდ, ისინი ვერ შეძლებენ როგორც იმპორტირებული საქონლის ფასის გადახდას, ისე ექსპორტირებული პროდუქტისთვის საფასურის მიღებას.

გარდა ამისა, ევროკავშირმა დააწესა სანქციები რუსეთის ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტია. ეს ზომები იმ მილიარდობით დოლარის პარალიზებას გამოიწვევს, რომელიც რუსეთს უცხოეთში რეზერვის სახით აქვს და, პოტენციურად, პუტინის რეჟიმს დაფინანსების წყაროს გადაუკეტავს. ამის შედეგად მას ომის წარმოებისთვის გაცილებით ნაკლები ფული ექნება. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები