კორუფცია

ანტიკორუფციული ბიურო: TI-ს განცხადება სიცრუეა, GRECO-ს ანგარიშის თარგმნა დაწყებულია

ანტიკორუფციული ბიურო საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს 26 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებას, მთავრობის მიერ ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშის დამალვის შესახებ, სიცრუეს უწოდებს.

მათი ინფორმაციით, 2024 წლის 18-22 მარტს, სტრასბურგში, GRECO-ს 96-ე პლენარულ შეხვედრაზე დამტკიცდა საქართველოს მე-5 რაუნდის შეფასების ანგარიში, სადაც მიმოხილულია აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისა და ასევე, სამართალდამცავი ორგანოების  კორუფციის პრევენციისა და კეთილსინდისიერების მექანიზმები.

ანტიკორუფციული ბიურო ამტკიცებს, რომ ანგარიშის თარგმნა დაწყებულია და პროცესის დასრულებისთანავე გამოქვეყნდება როგორც ბიუროს, ისე GRECO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე.

"ანგარიშების თარგმნა, მისი მოცულობის გათვალისწინებით, საჭიროებს გონივრულ ვადას, რის გამოც ზემოაღნიშნული ანგარიშების უმეტესობა კვლავ არ არის გამოქვეყნებული და რჩება კონფიდენციალური. 96-ე პლენარული სესიაზე დამტკიცებული 14 ანგარიშიდან ნათარგმნი და გამოქვეყნებულია მხოლოდ 3 ანგარიში. ანგარიშები არ გამოუქვეყნებიათ ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის გერმანია, ბელგია, იტალია, ხორვატია, შვეიცარია, საბერძნეთი, ლიეტუვა, ყაზახეთი. შესაბამისად, თარგმნის დასრულებამდე და გამოქვეყნებამდე, თითოეული ამ ანგარიშის სტატუსი რჩება "კონფიდენციალური" GRECO-ს რეგლამენტის შესაბამისად". - წერს ანტიკორუფციული ბიურო Facebook-ზე.

დღეს, 26 აპრილს, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ გამოაქვეყნა განცხადება საქართველოს მთავრობის მიერ ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშის დამალვის შესახებ.

კომენტარები