ბუჩამდე იყო აფხაზეთი

ნადირობა ქართულ თვითმფრინავებზე – დავიწყებული დანაშაულები აფხაზეთის ომიდან

ბუჩამდე იყო აფხაზეთი

ნადირობა ქართულ თვითმფრინავებზე – დავიწყებული დანაშაულები აფხაზეთის ომიდან

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ეპიზოდი იყო 1993 წლის სექტემბერი – დრო, როცა ქვეყნის ისტორია მელნის ნაცვლად სისხლით იწერებოდა. ეს თვე აფხაზეთის ომში გარდამტეხი პერიოდი აღმოჩნდა. სწორედ ამ პერიოდში, ტრაგიკული მოვლენები, მათ შორის რუსეთის მიერ მხარდაჭერილი აფხაზი სეპარატისტების მიერ სამგზავრო თვითმფრინავების აფეთქება, თანმიმდევრულად მოხდა. 

მას შემდეგ, რაც სეპარატისტებმა 1993 წლის 27 ივლისის შეთანხმება 16 სექტემბერს დაარღვიეს, სოხუმის ბაბუშერას აეროპორტი, რომელიც შავი ზღვის სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს, მუდმივი იერიშების ქვეშ იყო. ტერიტორიას ზალპური ცეცხლის სისტემებით ბომბავდნენ, ხოლო ზღვაში პორტაბელური ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით აღჭურვილი კატერები საჰაერო სივრცეს აკონტროლებდნენ.  მიუხედავად იმისა, რომ აეროპორტი ასეთი საშიში ზონა იყო, ის ალყაში მოქცეული სოხუმისთვის საქართველოს მთავრობის კონტროლირებად ტერიტორიასთან ერთადერთ დამაკავშირებელ გზად რჩებოდა.

1993 წლის სექტემბერში სოხუმის აეროპორტი ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი წერტილი იყო, რადგან საქართველოს მთავრობის კონტროლირებად ტერიტორიასთან ერთადერთ მაკავშირებელ გზად რჩებოდა. აქედან გაჰყავდათ დაჭრილები და სამოქალაქო პირები. ფოტოზე ჩანს თვითმფრინავი სარეგისტრაციო ნომრით 
85163, ის ავიალაინერი, რომელიც 22 სექტემბერს ჩამოაგდეს და 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 
შახ აივაზოვის ფოტო.

სეპარატისტული ძალების იერიშების შედეგად პირველი თვითმფრინავი 20 სექტემბერს განადგურდა. ეს იყო ტუპოლევ Ту-134А ტიპის ავიალაინერი, რომელიც Orbi Georgian Airways-ს ეკუთვნოდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, რადგან თვითმფრინავი, რომელსაც საბრძოლო მასალა მოხვდა, აეროპორტიდან აფრენას არ აპირებდა და მხოლოდ ამ ტერიტორიაზე იყო გაჩერებული.

მოვლენები მომდევნო დღეებში უფრო ტრაგიკულად განვითარდა. სეპარატისტულმა ძალებმა 21 სექტემბერს კატერიდან მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტა სტრელა-2-დან ესროლეს ტუპოლევ Ту-134А-3 ტიპის ავიალაინერს, რომელიც Transair Georgia-ს ეკუთვნოდა და ადლერის აეროპორტიდან (სოჭი) სოხუმის აეროპორტში მიფრინავდა. მას ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესაც უკვე დანიშნულების ადგილს უახლოვდებოდა. თვითმფრინავი 300 მეტრის სიმაღლიდან შავ ზღვაში ჩავარდა. დაიღუპა ეკიპაჟის 5 წევრი და 22 მგზავრი – 27-ვე ადამიანი, ვინც ავიალაინერზე იმყოფებოდა. თვითმფრინავში უცხოელი ჟურნალისტები იმყოფებოდნენ.

აფხაზეთის ომი. მებრძოლი იგლას ტიპის პორტაბელური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსით. გადაღების თარიღი უცნობია. აფხაზეთის ომში ორივე მხარე იყენებდა იგლასა და სტრელას ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს.

"გუშინ სოხუმთან მიახლოებისას აფხაზთა შეიარაღებულმა ფორმირებებმა ჩამოაგდეს სამგზავრო საერეისო თვითმფრინავი ტუ-134 (ხომალდის მეთაური ტაბუევი), რომელიც ასრულებდა რეისს სოჭი-სოხუმი (საბორტო ნომერი 65893, რეისის ნომერი 6942). თვითმფრინაცი გამოფრინდა ადლერის აეროპორტიდან 16 საათზე და სულ 15 წუთის შემდეგ, როცა სოხუმის აეროპორტს მიუახლოვდა, აეროპორტიდან დაახლოებით 5 კილომეტრზე ზღვის მხრიდან, აფხაზთა სამხედრო კატარღიდან მას ესროლეს საჰაერო სითბური რაკეტა. თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. წინასწარი მონაცემებით, თვითმფრინავში იყო 21 მგზავრი და ექვსი ეკიპაჟის წევრი. ამ საათისთვის არსებული ინფორმაციით, ყველა დაიღუპა. ავიალაინერის მგზავრებს შორის იყვნენ საზღვარგარეთელი ჟურნალისტები". – იუწყებოდა გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკის” 1993 წლის 22 სექტემბრის ნომერი.

***

"როდესაც გემბანთან მივედით, რათა ქალაქიდან გამოვსულიყავით, ეს ის მომენტი იყო, როდესაც თვითმფრინავი ზღვაში ჩავარდა. ჩვენ იქ ვიყავით, ამ ყველაფერს ვხედავდით, ამ დროს შევარდნაძე მოვიდა  ჩვენთან - ნუ გეშინიათო, ხალხი თქვენს დასახმარებლად მოდის, აფხაზეთი არ დაეცემაო. ეს ჩვენთვის იმედის ნაპერწკალივით იყო". – იხსენებს ტაბულასთან ქალი, რომელმაც თვითმფრინავის ჩამოგდება საკუთარი თვალით იხილა.

თუმცა, თავად 22 სექტემბერი 1993 წლის კალენდარში სისხლით წინა დღეზე მკაფიოდ მოინიშნა. ამ დღეს მოხდა თავდასხმა, რომლსაც ომის მსვლელობის დროს ერთი იერიშით ყველაზე დიდი მსხვერპლი მოჰყვა. სეპარატისტულმა ძალებმა ამჯერად ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის რაკეტა ტუპოლევ Ту-154Б-ს ტიპის ავიალაინერს ესროლეს. თვითმფრინავს თბილისიდან ათეულობით სამხედრო, ასევე მოხალისეები - სამედიცინო პერსონალი და სამოქალაქო პირები სოხუმში მიჰყავდა, რათა დაცემის პირას მყოფი ქალაქიდან ხალხს ევაკუაციაში დახმარებოდნენ. ამას გარდა, თვითმფრინავში იმყოფებოდა The Wall Street Journal-ის ჟურნალისტიც, ალექსანდრა ტატლი, რომელსაც რეგიონალურ დედაქალაქში მყოფ ედუარდ შევარდნაძესთან ინტერვიუს ჩაწერა სურდა. ის რეისის ერთ-ერთი მსხვერპლი გახდა. 

"ალექსანდრა ტატლს სარაევოში ამ ზაფხულს შევხვდი. მხიარული ფრანკოფილი ამერიკელი, ფრანგულ პრესასთან ერთად მოგზაურობდა, ტანის დამცავი ჟილეტი მხრებზე ჰქონდა ჩამოშვებული და ყოველ დილა ჰოლიდეი ინიდან ნაცნობი, საშიში რუტინისთვის გამოემართებოდა, რათა ფრონტის ხაზები და საავადმყოფოები გაეშუქებინა. 

სიტყვა გულთბილი მახსენდება. ალექსანდრა the Wall Street Journal-ის თანამშრომელი იყო, რომლისთვისაც მან 70-ზე მეტი საუკეთესო ხარისხის ანალიტიკური ამბავი დაწერა. ერთ ღამეს უაზრო დავა გვქონდა, როცა ის ამტკიცებდა, რომ ირანი “საუდის დემოკრატიას” საფრთხეს უქმნიდა, მე კი ვცდილობდი დამერწმუნებინა, რომ, ცოდვების მიუხედავად, ირანს პარლამენტი მაინც ჰქონდა, როცა საუდის არაბეთს, მთელი თავისი ფულის მიუხედავად – არა. 

თუმცა ის იმდენად მაღალსულოვანი იყო, რომ ჩემი ინგლისური ცინიზმის კეთილად მიღება შეძლო. სურდა სცოდნოდა ბეირუთში ჩემს საცხოვრებელზე, თუ რატომ ვფიქრობდი, რომ სპარსეთის ყურის ომი ტრაგედია იყო. ჩემი პასუხი იყო, რომ ყველა ომი ტრაგედიაა, რადგან ომი პირველ რიგში, სიკვდილთანაა დაკავშირებული - სრულიად დამეთანხმა. შემდეგ მე ჩრდილოეთ ბოსნიისკენ გავემართე, ის კი სახლში, პარიზში დაბრუნდა, სადაც ჰყავდა ძაღლი, სახელად ჯორჯი, რომელზეც მუდამ საუბრობდა. 

გადარჩენილი - გავიფიქრე. ჩვენ, ჟურნალისტები ამ ჟამს ხალხს ასე ვუყურებთ. ალექსანდრა ტატლი გადარჩებოდა. 

ასე რომ, როდესაც რამდენიმე კვირის წინ კაიროდან ბეირუთში გავფრინდი, ლიბანურ გაზეთებში ერთი პატარა აბზაცი, რომელიც წავიკითხე, რთულად დასაჯერებელი იყო.  ალექსანდრა ტატლი მოკლული იქნა სოხუმში, ცოცხლად დაიწვა სამხედრო თვითმფრინავში, რომელსაც მიწა-ჰაერის რაკეტა გაარტყეს. 

დაუჯერებელია. გადარჩენილებს არ კლავენ. თუმცა სიმართლეა. მისმა ერთ-ერთმა ახლო მეგობარმა მითხრა, რომ ალექსანდა თბილისში 22 სექტემბერს რეისზე ავიდა, ნერვიულობდა, რადგან ედუარდ შევარდნაძესთან, რომელიც ჯერ კიდევ სოხუმში იყო, მეორე ინტერვიუ უნდა ჰქონოდა. რეისზე მყოფ გერმანელ ფოტოგრაფს ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა და აფრენამდე ჩამოვიდა. ალექსანდრას სთხოვდა იგივე გაეკეთებინა. მან უარი თქვა. 

საკუთარი გეგმების შესახებ პრესა (WSJ) არც კი გაუფრთხილებია. ასე რომ, ხუთი დღე საფლავში იწვა, სოხუმის აეროპორტთან, სანამ მისი დამსაქმებლები და მერილენდში მცხოვრები მშობლები მიხვდებოდნენ, რომ ის დაკარგული იყო. თვითმფრინავი ორად გაიხლიჩა, როცა აფხაზების რაკეტა მოხვდა. წინ ყველა მოკვდა. ალექსანდრა კაბინაში იყო.

მაშინ აეროპორტი საარტილერიო ცეცხლის ქვეშ იყო, თუმცა ვიღაცამ მისი დაგლეჯილი აშშ-ს პასპორტი და მისი ძაღლის, ჯორჯის დაჭმუჭნული ფოტო იპოვა. გამარჯვებული აფხაზების ნებართვით, მისი ოჯახი და მეგობრები კვლავ იმედოვნებენ, რომ მის ნეშტს დაუბრუნებენ, თუ მის საფლავს იპოვიან". – წერდა ალექსანდრა ტატლის სიკვდილზე the Independent-ის ბრიტანელი ჟურნალისტი, რობერტ ფისკი 1993 წლის 3 ნოემბერს.

1993 წლის 22 სექტემბერს ჩამოგდებული თვითმფრინავი

ავიალაინერს კატერიდან ნასროლმა რაკეტამ ძრავა დაუზიანა. როგორც ჩანს, პილოტმა დაზიანებული თვითმფრინავის ასაფრენ ბილიკზე დაშვება რთულად შეძლო, თუმცა როდესაც ის მიწას შეეხო, ავიალაინერი აფეთქდა. რეისზე, ეკიპაჟის წევრების ჩათვლით, 132-მდე ადამიანი იმყოფებოდა. მათგან 108 დაიღუპა, დანარჩენებმა კი თვითმფრინავის გავარვარებული ნამტვრევებიდან თავის დაღწევა შეძლეს და გადარჩნენ.

"მე სამხედრო პოლიციელი ვიყავი. ავღანეთშიც ვმსახურობდი და პატარა გამოცდილების გამო ვიყავი სამხედრო პოლიციელი, როგორც ომგამოვლილი. ბიჭებს ჰქონდათ ჩემი იმედი, როცა მათთან ერთად ვიყავი. წავედი დაჭრილების ჩამოსაყვანად. ერთერთი ჩემი სოფლელი იყო. ოთხი კაცი გავფრინდით სამხედრო პოლიციიდან, გურჯაანიის სამხედრო პოლიციელები. წავედით, ეს ჩემი სოფლელი ჩამოვიყვანეთ სახლში თბილისიდან, რესპუბლიკურ საავადმყოფოში იწვა. იმან გვითხრა, იქ ბიჭები არიან დაჭრილები და ჩამოსაყვანები არიან, იმ ბიჭებს იქ წიწილებივით ამოხოცავენო. მეთქი, ჩავალ, ჩავაკითხავ და ოთხი სამხედრო პოლიციელი გავფრინდით მათ დასახმარებლად. ასე მომიწია იმ თვითმფრინავში ჩაჯდომა, დაჯდომით კი, თვითმფრინავი ვეღარ დაჯდა.

ოთხიდან სამი გადავრჩით. ერთი დაგვეწვა თვითმფრინავში. სამი ერთად ვისხედით და მეოთხე ცალკე. ფანჯრისკენ ვინც იჯდა, ის ამოვათრიე და გადავარჩინე, მაგრამ უკან ვინც იჯდა, ის ჩარჩა შიგნით და დამეწვა. მეც მივიღე ყბის ძვლის მოტეხილობა. გონება დავკარგე და გონს გვიან მოვედი. უკვე სახანძრო იყო მოსული და წყალს ასხამდა თვითმფრინავს. ჩემს მაღლა კვამლი გადიოდა, რაღაცა იყო ამოგლეჯილი, თვითმფრინავის წინა ბორბალი თავის მექანიზმით იყო მოგლეჯილი დაცემის დროს და ის სივრცე იყო ჩემთან მაღლა და იქიდან გამოვძვერი. ამოვძვერი, ამხანაგმა დამინახა, რომ გავედი. გამომყვა ისიც, მაგრამ ის ვერ ამოდიოდა, 24-კილოიანი ბრონის ჟილეტი ეცვა და მივეხმარე, ძლივს ამოვათრიე თვითმფრინავის იატაკზე - ამოყირავებული იყო თვითმფრინავი. ნახევარი, წინა სალონი იყო დარჩენილი და ცალი ფრთა, მეორე ფრთა და უკანა ნაწილი კი მომძვრა, როცა მიწას შეეხო და იმის მერე 600 მეტრი ჰქონდა ნახოხიალები ასაფრენ ბილიკზე ამ ნახევარ თვითმფრინავს. 

ერთი კიდევ ადგილობრივი ქალი იყო, ის ამოვიყვანე. ჩემი ამხანაგი რომ ამოვიყვანე, იმ ქალმაც იქვე ამოყო თავი და მიშველე, ამომიყვანეო. მერე ჰოსპიტალში ერთად ვიწექით, ცოცხალი გადარჩა ისიც. 

ჩემი დაღუპული ამხანაგიც ვიპოვე. ბედმა გამიღიმა, ცინკის კუბო ვიშოვე, 23-ში ვიპოვე და 24-ში უკვე ჩამოვასვენე თბილისის აეროპორტში. ასე ჩაიარა ამ ავბედითმა ფრენამ". – იხსენებს ტაბულასთან ნუკრი ზირაქიშვილი, რომელიც 22 სექტემბრის ტრაგედიას გადაურჩა.  

სეპარატისტებს აეროპორტზე იერიშები არც შემდეგ დღეებში შეუწყვეტიათ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ტერიტორიიდან დევნილები ქალაქის დატოვებას ცდილობდნენ. 23 სექტემბერს, როდესაც სოხუმის აეროპორტს БМ-21გრადის ტიპის ზალპური ცეცხლის სისტემით ბომბავდნენ, ერთი რაკეტა Transair Georgia-ს ტუპოლევ Ту-134А-ს მოხვდა. თვითმფრინავი ასაფრენად ემზადებოდა და ძრავას ახურებდა, პარალელურად მასზე მშვიდობიანი მოქალაქეები ადიოდნენ, როდესაც მასზე იერიში მიიტანეს. ავიალაინერზე 30 ადამიანი იმყოფებოდა, 24 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი. მშვიდობიანი მოქალაქეების დაზიანებული თვითმფრინავიდან ევაკუაცია ეკიპაჟმა შეძლო, თუმცა 6-დან 1 წევრი დაიღუპა. დაზიანდა Orbi Georgian Airways-ის ტუპოლევ Ту-154Б-2-იც, თუმცა ამ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

1993 წლის 23 სექტემბერს განადგურებული ტუპოლევ Ту-134А, სარეგისტრაციო ნომრით 
CCCP-65001.

არ აქვს მნიშვნელობა თუ ვინ გაისროლა რაკეტა, აფხაზმა სეპარატისტმა, ჩრდილოეთ კავკასიელმა მოქირავნემ, რუსმა კაზაკმა თუ სხვამ. აშკარაა, ამ თავდასხმებზე, ისევე, როგორც სეპარატისტული ძალების მხრიდან ჩადენილ ნებისმიერ ომის დანაშაულზე, პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება, რადგან სწორედ ისინი ამარაგებდნენ აფხაზების მხარეს იარაღითა და დაზვერვის ინფორმაციით, ასევე სამხედრო ხელმძღვანელებით. სეპარატისტების მხარდაჭერასთან დაკავშირებით, რუსული ნარატივი იყო ის, რომ თუ რომელიმე რუსი სამხედრო მათ ეხმარებოდა, ესენი იყვნენ აფხაზეთში მდებარე რუსულ ბაზებზე მყოფი კორუმპირებული სამხედროები. თუმცა, რა თქმა უნდა, მოსკოვში სამხედრო ელიტას კარგად უნდა სცოდნოდა ბრძოლის ველზე რაც ხდებოდა. დამთხვევა არც ის ყოფილა, რომ აფხაზეთში გადაისროლეს ჯგუფები, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ მოსკოვთან და აქამდე მძიმე ბრძოლების გამოცდილება დნესტრისპირეთის ომში 1992 წელს მიიღეს.

ნაწყვეტი აფხაზი სეპარატისტების ლიდერ ვლადისლავ არძინბასთან რუსი ჟურნალისტის, ანდრეი კარაულოვის ინტერვიუდან:

- თვითმფრინავებიც ქართველებს მოპარეთ?

- რატომ? თვითმფრინავები შევიძინეთ.

- რუსეთისგან?

- თვითმფრინავები შევიძინეთ იქ, სადაც ამის გაკეთება შესაძლებელია.

- ეს სამხედრო საიდუმლოა?

- რა თქმა უნდა.

რუსული Су-25 სოხუმის თავზე.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მასალიდან ჩანს, რომ რუსი სამხედროები თვითმფრინავების ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით მიზანში ამოღებაში გარკვეულ შემთხვევებში თავადაც მონაწილეობდნენ. ამისი დასტურია რუსულ სამხედრო ჟურნალ Солдат удачи-ს მე-12 ნომერში გამოქვეყნებული ანგარიშები, რომლებიც ეკუთვნოდა აფხაზეთში მოქმედ რუს ოფიცერს, იური პიმენოვს. ის უძღვებოდა დანაყოფს, რომელსაც ერქვა დელფინი. როგორც რუსი ჟურნალისტი, ევგენი ნორინი წერს, თავდაპირველად დელფინი ექვემდებარებოდა მოლდოვის სეპარატისტული რეგიონის, დნესტრისპირეთის სპეცდანიშნულების ბატალიონ დნესტრს, რომელიც მონაწილეობდა ტირასპოლისა და დუბესარის მძიმე ბრძოლებში. მართალია პიმენოვი იმ დროს რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ოფიციალურად არ ირიცხებოდა, თუმცა ცხადია, რომ ასეთი პირები მსგავს კონფლიქტებში დამოუკიდებელ აქტორებს არ წარმოადგენენ. ამას გარდა, პიმენოვი, როგორც აფხაზეთში გადაღებულ ვიდეოჩანაწერში ამბობდა, ნოვოსიბირსკიდან იყო.

პიმენოვი 1993 წლის 27 ივნისის ანგარიშში წერდა:

"ვიტყობინები, რომ 25.06.93 წელს კაპიტნების, პიმენოვისა და ბუტკოს ჯგუფმა, ფრონტის ხაზის დაზვერვის "ღამურის" ჯგუფთან ერთად, 18:10-ზე აძიუბჟას დასახლების რაიონში საქართველოს სამხედრო საჰაერო ძალების დრანდის დასახლების სამხედრო აეროდრომზე დასაშვებად შემავალი Ту-134-ის მიმართულებით გაშვებულ იქნა სითბური რაკეტა “იგლა”. გაშვება შესრულდა მოწინააღმდეგის ტერიტორიიდან. რაკეტა თვითმფრინავის მარჯვენა ძრავას მოხვდა. გაჩნდა ხანძარი. თვითმფრინავმა შეძლო დაშვება, თუმცა შეკეთებას არ ექვემდებარება. საქართველოს საჰაერო ძალების საკუთრებას მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა.

შემდეგ, 21:00-ზე ჯგუფი კოდორის ხიდთან გავიდა, მისი აფეთქების მოსამზადებლად, თუმცა ახალდაბის დასახლებასთან მოწინააღმდეგის ჩასაფრებაში მოჰყვა. 15-30 მეტრის დაშორებით ორივე მხარემ ცეცხლი გახსნა. ჩვენი დანაკარგია – 1 დაჭრილი. მოწინააღმდეგის დასახმარებლად ტრანსპორტებით დამატებითი ძალები მოვიდა და ცეცხლი გაიხსნა ფრონტიდანაც და მარჯვენა ფლანგიდანაც. ჯგუფმა უსაფრთხოდ დაიხია უკან და მტრის ზურგში 15-16 კმ.-ს გავლით, თან წაიყვანა დაჭრილი და მივიდა აფხაზური ათარის დასახლების დროებით ბაზაზე".

მარჯვნივ კიდეში – იური პიმენოვი; აფხაზეთი 

სხვადასხვა წყაროების ცნობით, პიმენოვი 1994 წელს რუსეთში დაბრუნდა და მუშაობა დასავლეთ ციმბირის შინაგან საქმეთა დეპარტამენტში დაიწყო. სანამ პენსიაზე გავიდოდა, მან ვიცე-პოლკოვნიკის (პოდპოლკოვნიკის) წოდებაც მიიღო. 

რუსეთის სამხედრო უწყების მიერ აფხაზი სეპარატისტების დახმარების სიცხადის მიუხედავად, მათი თავდაცვის მაღალჩინოსნები ცინიკურ დამოკიდებულებას ინარჩუნებდნენ. მაგალითად, თბილისის ბრალდებას, რომ რუსულ თვითმფრინავებს სოხუმზე იერიშები მიჰქონდათ, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, პავლე გრაჩევმა უპასუხა, რომ ქართველებმა მოიერიშე-ბომბდამშენები თავად გადაღებეს და საკუთარი კონტროლირებადი ტერიტორია დაბომბეს. წლების შემდეგ, ეს რუსეთის დეზინფორმაციის სახელმძღვანელოს კლასიკურ ბრალდებად იქცა.

კომენტარები