უკანონო ჭრა

კალაძე: ხე-მცენარეების უკანონოდ მოჭრისა და დაზიანებისთვის ჯარიმები იზრდება

კახა კალაძე
თბილისის მერია

თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ხე-მცენარეების უკანონოდ მოჭრისა და დაზიანების შემთხვევებზე ჯარიმები იზრდება და კანონმდებლობა მკაცრდება. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტს დასამტკიცებლად უახლოეს მომავალში წარედგინება.

"გამწვანების მიმართულებით ჩვენ გარკვეული პრობლემები გვაქვს. რადგან, ძალიან ხშირად ფიქსირდება ისეთი ფაქტები, რომ უნებართვო ჭრები და ხეების მიზანმიმართულად დაზიანება მიმდინარეობს, რაც, რა თქმა უნდა, ქალაქისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. გვინდა, ამ მიმართულებით ჩვენი მიდგომები კიდევ უფრო გავამკაცროთ და მოვამზადეთ საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც საქართველოს პარლამენტს წარედგინება და დარწმუნებული ვარ, მათი მხარდაჭერით ჩვენ არსებული კანონმდებობის გამკაცრებას შევძლებთ. შემოთავაზებული ცვლილებით, კანონმდებლობა პირველ რიგში უკანონო ჭრებისთვის გამკაცრდება. ჯარიმა 500-დან 5 000 ლარამდე გაიზრდება. განმეორებით აღნიშნული ქმედების ჩადენისთვის კი ჯარიმა 1 000-დან 10 000 ლარი გახდება. რაც შეეხება ისეთ შემთხვევებს, როცა მოჭრილი ხის სახეობა ვერ დგინდება, ასეთი შემთხვევებისთვის მხოლოდ 500-ლარიანი ჯარიმა იყო გათვალისწინებული. წარმოდგენილი ცვლილებით კი აღნიშნული თანხა გაიზრდება და თითოეული ნარგავისთვის ზიანის ოდენობად 5 000 ლარი განისაზღვრება. ასევე, ზიანის გამოთვლისთვის დადგენილი კოეფიციენტები გასამმაგდება. გასათვალისწინებელია, რომ იმ ადგილებზე, სადაც მწვანე ნარგავების უკანონო ჭრა განხორციელდა, შენობის განთავსება აიკრძალება და მშენებლობის პროცესში ნებისმიერი მექანიკური დაზიანებისას პასუხისმგებლობა ნებართვის მფლობელს დაეკისრება. მშენებლობის უფლება არსად მიეცემათ, სადაც წინასწარ იქნება დაზიანებული ან მოჭრილი ხე-მცენარეები. აგრეთვე, თუ ექსპერტი არასწორ დასკვნას წარმოადგენს ხე-მცენარეების მდგომარეობასთან დაკავშირებით, ის დაჯარიმდება, ხოლო განმეორებით არასწორი დასკვნის წარდგენის შემთხვევაში, მას საქმიანობა შეუჩერდება და მას ვეღარასდროს დაუბრუნდება". - თქვა კალაძემ.

 

კომენტარები