რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რა ხდება უკრაინის ფრონტებზე – ომის კვლევის ინსტიტუტის 15 მაისის ანგარიში

უკრაინის შეიარაღებული ძალები

Institute for the Study of War-ის ანგარიშის მიხედვით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონეცკიდან იზიუმამდე უკრაინის ქვედანაყოფების შეზღუდვა ვერ შეძლეს. ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ აღნიშნა, რომ ოკუპანტებს, სავარაუდოდ, ესმით, რომ დონეცკის ოლქის დაკავებას ვერ შეძლებენ, ამიტომ ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციული საზღვრის მიღწევას ცდილობენ. რუსეთის სამხედრო ძალები სევეროდონეცკის დასაკავებლად ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან კოორდინირებულ თავდასხმებს განაგრძობენ. რუსეთის სამხედრო ძალები სლოვიანსკში იზიუმიდან ტერიტორიულ წინსვლას ვერ მიაღწიეს.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბელგოროდის, ვორონეჟისა და როსტოვის ოლქებში დაახლოებით 2500 რუსი რეზერვისტი წვრთნებს გადის. ამასთან ერთად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის ქვედაყოფების მდგომარეობა საგრძნობლად შეიცვალოს. უკრაინის სამხედრო დაზვერვის დირექტორატის ინფორმაციით, რუსეთის ძალები ფარულ მობილიზაციას აწარმოებენ და ახალ დანაყოფებს ქმნიან.

რუსეთის სამხედრო ძალები, სავარაუდოდ, სამხრეთ უკრაინაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის გაძლიერებას ცდილობენ. უკრაინის მაღალჩინოსნების ინფორმაციით, რუსეთის ქვედანაყოფებმა ნაღმების გათხრა დაიწყეს.

უკრაინის სამხედრო ძალებმა წარმატებული კონტრშეტევების შედეგად, დიდი ალბათობით, ხარკოვის ბრძოლა მოიგეს.რუსეთის სამხედრო ძალებმა ხარკოვის გარშემო პოზიციების მიტოვება დაიწყეს. ამასთან ერთად, ბოლო 24 საათის განმავლობაში მნიშვნელოვან ტერიტორიულ წინსვლას ვერ მიაღწიეს.უკრაინის ქვედანაყოფები ბელგოროდსა და იზიუმის ირგვლივ ოკუპანტების შეზღუდვასა და საკომუნიკაციო ხაზების ჩაჭრას ცდილობენ.

ამასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა იზიუმ-დონეცკის მიმართულებით მცირე ტერიტორიულ წინსვლას მიაღწიეს. ანგარიშის მიხედვით, ომის ამ ეტაპზე, ოკუპანტების მიზანი ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის ალყაში მოქცევაა.

  • რუსეთის სამხედრო ძალები სევეროდონეცკის ბრძოლაში გამარჯვებას ცდილობენ.
  • იზიუმის რაიონში წარუმატებელი შეტევითი ოპერაციების გამო ოკუპანტებმა სლოვიანსკის მიმართულებით ტერიტორიულ წინსვლას ვერ მიაღწიეს. 
  • რუსეთის ქვედანაყოფები აზოვსტალის ფოლადის ქარხანაზე საჰაერო და საზღვაო თავდასხმებს განაგრძობენ, თუმცა მარიუპოლის დამცველებმა პოზიციების შენარჩუნება შეძლეს.
  • აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ძალები სევეროდონეცკის ტერიტორიის ალყაში მოქცევას ცდილობენ და გავრცელებული ინფორმაციით, პოპასნადან დონეცკ-ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვარს მიაღწიეს.

ბელორუსის თავდაცვის სამინისტრომ აშშ-სა და ნატო-ს ბელორუსზე თავდასხმისთვის მზადების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებას განაგრძობს. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბელარუსი უკრაინის ომში ჩაერთოს. ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა, ვიქტორ ხრენინმა 10 მაისს წვრთნების მეორე ეტაპის დაწყების შესახებ განაცხადა. ბელორუსის თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვიქტორ გულევიჩმა აშშ და მისი მოკავშირეები სამხედრო მოქმედებების გაძლიერებაში დაადანაშაულა, ამასთან ერთად, მისი მტკიცებით, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები ბელარუსის ტერიტორიას დაზვერვის, დივერსიის და სპეცოპერაციების გზით ემუქრებიან. გულევიჩის მიხედვით, ბელარუსის ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფები (BTG) დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით წინსვლას ცდილობენ, როგორც ამ რეგიონებში "შესაძლო საფრთხის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების ნაწილი". გულევიჩმა დამატებით აღნიშნა, რომ ბელარუსის სამხრეთით 20 000 უკრაინელი ჯარისკაცის განლაგების გამო, ბელარუსის სამხრეთ ოპერაციულმა ოლქმა უკრაინის საზღვრის მახლობლად სამ ტაქტიკურ მიმართულებაზე ბელარუსის ჯარების განლაგება მოითხოვა, რაც შეესაბამება უკრაინის გენერალური შტაბის ანგარიშს, რომ საბრძოლო მზადყოფნის შესამოწმებლად ბელორუსის გარკვეული ნაწილები უკრაინა-ბელარუსის საზღვართან ახლოს განლაგდნენ.

დიდი ადამიანური დანაკარგის ფონზე რუსეთის სამხედრო ძალები, შესაძლოა, უკრაინის მოქალაქეების ომში გაწვევას გეგმავდნენ. უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ოკუპირებულ ზაპოროჟიასა და ხერსონის ოლქებში ფსევდო-რეფერენდუმების გამართვას აპირებენ, რათა იძულებითი მობილიზაცია გამოაცხადონ და "მობილიზებული" უკრაინელები ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებში გაუშვან. თუ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ეს რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ დამატებით პროტესტისა და პარტიზანული მოქმედებების გახშირებას გამოიწვევს.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში. უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები