რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

CNN: რუსმა ოკუპანტებმა უკრაინელ მშვიდობიან მოქალაქეებს ზურგში ესროლეს და მოკლეს [VIDEO]

CNN

CNN-ის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა 16 მარტს  კიევის ოლქში ორი მშვიდობიანი, შეუიარაღებელი მოქალაქე მოკლეს - ოკუპანტებმა მათ ზურგში ესროლეს. CNN შემთხვევის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს. 

ვიდეო სათვალთვალო კამერით არის გადაღებული, უკრაინელი პროკურორები მომხდარს იძიებენ, როგორც ომის დანაშაულს.  

CNN-ის ცნობით, ვიდეოში ჩანს, რომ ხუთი რუსი ჯარისკაცი ავტოსალონში შეჭრას ცდილობს - ისინი საკეტებს ესვრიან და მინებს ამსხვრევენ. პატრონი მათ აწეული ხელებით უახლოვდება, რის შემდეგაც ოკუპანტები აჩერებენ და ჩხრეკენ - სავარაუდოდ, იარაღს ეძებენ. შემდეგ, ოკუპანტებთან მეორე კაციც მიდის. ჯარისკაცების წასვლის შემდეგ ორი მშვიდობიანი მოქალაქე უკან ბრუნდება, რა დროსაც, სულ მცირე, ორი ჯარისკაცი მათ უახლოვდება და ესვრის. 

დადგენილია მსხვერპლთა ვინაობაც - ერთი გაძარცული ავტოსალონის მფლობელია, რომლის ოჯახს ვინაობის დასახელება არ სურს, მეორე კი 68 წლის ლეონიდ პლიატსია, რომელიც დაცვად მუშაობდა.   

CNN-ის ინფორმაციით, ვიდეოში ასევე ჩანს, რომ მკვლელობის შემდეგ ოკუპანტები ავტოსალონს ძარცვავენ - ორი სამხედრო სასმელს იღებს, ისინი, სავარაუდოდ, ერთმანეთის სადღეგრძელოს სვამენ. 

მათივე ცნობით, მანამ, ჯარისკაცები ავტოსალონს ძარცვავდნენ, 68 წლის პლიატსი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ვიდეოში ასევე ჩანს, რომ ის ფეხზე წამოდგომას ცდილობს, შემდეგ კი ტელეფონს იღებს, რათა დასახმარებლად დარეკოს. უკრაინელების ადგილზე მისვლამდე პლიატსი გარდაიცვალა. 

68 წლის კაცის შვილი, იულია ამბობს, რომ ვიდეოს ინახავს, "რომ ერთ დღეს შვილებს აჩვენოს, რათა არ დაივიწყონ, რა ველურები იყვნენ ოკუპანტები".

"ისინი ჯალათები არიან. საშინელებაა, მამაჩემი მშვიდობიანი მოქალაქე იყო, ის 68 წლის იყო, მშვიდობიანი, უიარაღო კაცი". - უთხრა მან CNN-ს. 

კომენტარები