რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რა ხდება უკრაინის ფრონტებზე – ომის კვლევის ინსტიტუტის 11 მაისის ანგარიში

RIA

Institute for the Study of War-ის ანგარიშის მიხედვით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაში მნიშვნელოვან ტერიტორიულ წინსვლას ვერ მიაღწიეს. უკრაინის ქვედანაყოფებმა ხარკოვის ჩრდილოეთით ოკუპანტების წინსვლა შეზღუდეს. რუსეთის მცდელობები სამხრეთ ღერძის გასწვრივ და დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ანალოგიურად შეჩერებულია.

  • ხარკოვის ჩრდილოეთით უკრაინის ქვედანაყოფების კონტრშეტევებმა რუსეთის სამხედრო ძალების წინსვლა შეზღუდა.
  • რუსეთის სამხედრო ძალები სევეროდონეცკ-რუბიჟნე-ლისიჩანსკის რაიონში უკრაინის ქვედანაყოფების ალყაში მოქცევას ცდილობენ, თუმცა მნიშვნელოვან ტერიტორიულ წინსვლას ვერ მიაღწიეს.
  • იზიუმის გარშემო რუსეთის სამხედრო ძალების შეტევები დროებით შეჩერებულია.
  • ოკუპანტები მარიუპოლის ნანგრევებზე კონტროლის დამყარებას ცდილობენ. ამასთან ერთად, სამხედრო აღჭურვილობის წარმოებისთვის ფოლადის ქარხნების ხელახლა გახსნა სურთ.
  • აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ძალები სევეროდონეცკის ტერიტორიის ალყაში მოქცევას ცდილობენ და გავრცელებული ინფორმაციით, პოპასნადან დონეცკ-ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვარს მიაღწიეს.

ბელორუსის თავდაცვის სამინისტრომ აშშ-სა და ნატო-ს ბელორუსზე თავდასხმისთვის მზადების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებას განაგრძობს. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბელარუსი უკრაინის ომში ჩაერთოს. ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა, ვიქტორ ხრენინმა 10 მაისს წვრთნების მეორე ეტაპის დაწყების შესახებ განაცხადა. ბელორუსის თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვიქტორ გულევიჩმა აშშ და მისი მოკავშირეები სამხედრო მოქმედებების გაძლიერებაში დაადანაშაულა, ამასთან ერთად, მისი მტკიცებით, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები ბელარუსის ტერიტორიას დაზვერვის, დივერსიის და სპეცოპერაციების გზით ემუქრებიან. გულევიჩის მიხედვით, ბელარუსის ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფები (BTG) დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით წინსვლას ცდილობენ, როგორც ამ რეგიონებში "შესაძლო საფრთხის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების ნაწილი". გულევიჩმა დამატებით აღნიშნა, რომ ბელარუსის სამხრეთით 20 000 უკრაინელი ჯარისკაცის განლაგების გამო, ბელარუსის სამხრეთ ოპერაციულმა ოლქმა უკრაინის საზღვრის მახლობლად სამ ტაქტიკურ მიმართულებაზე ბელარუსის ჯარების განლაგება მოითხოვა, რაც შეესაბამება უკრაინის გენერალური შტაბის ანგარიშს, რომ საბრძოლო მზადყოფნის შესამოწმებლად ბელორუსის გარკვეული ნაწილები უკრაინა-ბელარუსის საზღვართან ახლოს განლაგდნენ.

დიდი ადამიანური დანაკარგის ფონზე რუსეთის სამხედრო ძალები, შესაძლოა, უკრაინის მოქალაქეების ომში გაწვევას გეგმავდნენ. უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ოკუპირებულ ზაპოროჟიასა და ხერსონის ოლქებში ფსევდო-რეფერენდუმების გამართვას აპირებენ, რათა იძულებითი მობილიზაცია გამოაცხადონ და "მობილიზებული" უკრაინელები ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებში გაუშვან. თუ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ეს რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ დამატებით პროტესტისა და პარტიზანული მოქმედებების გახშირებას გამოიწვევს.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში. უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

რედაქტირება

კომენტარები