რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვერეშჩუკი: რუსებს აზოვსტალში მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცების სანაცვლოდ რუს ტყვეებს ვთავაზობთ

ირინა ვერეშჩუკი

უკრაინული მხარე რუსებს მძიმედ დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცების, რომლებიც აზოვსტალის ქარხანაში არიან, რუს სამხედრო ტყვეებზე გაცვლას სთავაზობს.  ამის შესახებ უკრაინის ვიცეპრემიერი ირინა ვერეშჩუკი Telegram-ზე წერს

" პირველ ნაბიჯად რუსებს შევთავაზეთ: მძიმედ დაჭრილ ბიჭების აზოვსტალიდან ჰუმანიტარული დერეფნით გამოყვანა, ამავდროულად, ჩვენ ვაძლევთ რუს სამხედრო ტყვეებს სამხედრო ტყვეების გაცვლის სტანდარტული წესების მიხედვით".- ამბობს ვერეშჩუკი და აღნიშნავს, რომ ჯერ თანხმობა არ არის და მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 

ვერეშჩუკმა განმარტა, რომ ამ დროისთვის აზოვსტალის სამხედრო გზით გათავისუფლება შეუძლებელია.

მისივე ცნობით, მარიუპოლში რუსული ძალების მიერ ალყაში მოქცეულ აზოვსტალის ქარხანაში 1 000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცია, რომელთაგან ბევრი დაშავებულია.

მარიუპოლში რუსეთის სამხედრო ძალების მიერ ალყაში მოქცეულ აზოვსტალის ქარხანაში, სულ მცირე, 100 მშვიდობიანი მოქალაქე კიდევ რჩება. როგორც CNN წერს, ქარხანაში დარჩენილი მშვიდობიანი მოქალაქეების უმეტესობა კაცია.

7 მაისს უკრაინის ვიცეპრემიერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზოვსტალის ქარხნიდან ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი უკვე ევაკუირებულია. აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია 1 მაისს გაეროსა და წითელი ჯვრის მონაწილეობით დაიწყო.

მარიუპოლის ალყა უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება. ქალაქის ძირითადი ნაწილი ოკუპანტებმა დაიკავეს. აზოვსტალის ქარხანაში აზოვის პოლკისა და ეროვნული გვარდიის მებრძოლები არიან გამაგრებული.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები