რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბლინკენი და ოსტინი კონგრესს უკრაინისთვის დამატებითი თანხის გამოყოფის მოთხოვნით მიმართავენ

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი კონგრესს უკრაინის დასახმარებლად ადმინისტრაციისთვის დამატებით თანხის გამოყოფის მოთხოვნით მიმართავენ.

ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლების წერილში ნათქვამია, რომ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში კონგრესის მიერ გაწეული დახმარება უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.

"ჩვენ მადლობელი ვართ კონგრესის მიერ გაწეული ძლიერი მხარდაჭერის, თუმცა, კონგრესის მიერ გაწეული $3.5 მილიარდიდან თითქმის მთელი თანხა დაიხარჯა, როდესაც ჩვენ უკრაინას უსაფრთხოებისთვის დახმარება გავუწიეთ, რომელიც მათ უზარმაზარი ეფექტით გამოიყენეს. [...] დღეის ვითარებით, მხოლოდ $100 მილიონი დარჩა გამოსაყენებლად. ჩვენ ვგეგმავთ ამ თანხის 20 მაისამდე გამოყენებას. ამ დროისთვის ჩვენ დაგვჭირდება დამატებითი თანხმების გამოყოფა". – წერია მიმართვაში

9 მაისს, აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ლენდ-ლიზის კანონს ხელი მოაწერა.

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დასახმარებლად ლენდ-ლიზის კანონი ხმათა უმრავლესობით, 417-ით 10-ის წინააღმდეგ 29 აპრილს დაამტკიცა. იქამდე კანონპროექტს 7 აპრილს აშშ-ს სენატმა დაუჭირა მხარი. 

უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტი დააჩქარებს უკრაინისთვის ომის განმავლობაში მნიშვნელოვანი სამხედრო აღჭურვილობისა და სხვა მნიშვნელოვანი მარაგების გადაცემას, ბიუროკრატიული პროცედურის შემცირებით. აქტი იძლევა შეიარაღების დე ფაქტოდ გაჩუქების შესაძლებლობას, დებულებით, რომ მიმღები ქვეყანა აშშ-ს მომავალში გადაუხდის.

ლენდ-ლიზის პროგრამა მეორე მსოფლიო ომის დროს დაეხმარა აშშ-ს მოკავშირეებს ადოლფ ჰიტლერის ნაცისტურ გერმანიასთან გამკლავებაში, რადგან ამერიკას მიეცა შესაძლებლობა, დამატებითი პროცედურების გარეშე პარტნიორები სწრაფად მოემარაგებინა.

კომენტარები