რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კულება: ენტონი ბლინკენს გლობალური სასურსათო უსაფრთხოების საკითხებზე ვესაუბრე

Alex Brandon / AP

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, მან აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ერთად უკრაინის სასურსათო ექსპორტის განბლოკვისა და გლობალური სასურსათო უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა. 

"[უკრაინაში] ხსოვნისა და შერიგების დღეს, ევროპაში კი გამარჯვების დღეს ენტონი ბლინკენმა და მე უკრაინის გამარჯვების დღის მოსაახლოებლად რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ს ახალ, გამკაცრებულ სანქციებზე ვისაუბრეთ. ასევე, განვიხილეთ უკრაინის სურსათის ექსპორტის განბლოკვისა და გლობალური სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზები". - წერს კულება Twitter-ზე.

უკრაინა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი მთავარი მარცვლეულის მწარმოებელია, ექსპორტს ძირითადად შავი ზღვის პორტებით ახორციელებდა. 24 თებერვლის, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთმა უკრაინას ზღვაზე გასასვლელი ჩაუკეტა. 

უკრაინიდან სასურსათო პროდუქტების ექსპორტის მკვეთრად შემცირების ფონზე, საერთაშორისო ორგანიზაციები გლობალური სასურსათო უსაფრთხოების საკითხებზე ალაპარაკდნენ.

მსოფლიო ბანკის განახლებადი პროგნოზის მიხედვით, სასურსათო პროდუქტებზე გაზრდილი ფასები 2024 წლამდე შენარჩუნდება. ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, მით უფრო დიდი შანსია, რომ არსებული პროგნოზები გაუარესდება.

კომენტარები