რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ტიხანოვსკაია: ბელარუსმა დივერსანტებმა წვლილი შეიტანეს იმაში, რომ რუსეთს კიევზე უარი ეთქვა

სვეტლანა ტიხანოვსკაია
AFP

ბელარუსი ოპოზიციონერი ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას თქმით, ბელარუსმა დივერსანტებმა წვლილი შეიტანეს იმაში, რომ რუსეთს უკრაინის დედაქალაქის, კიევის აღების მცდელობაზე უარი ეთქვა.

ტიხანოვსკაიამ BBC-სთან ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ რკინიგზაზე, რომელიც ჩრდილოეთ უკრაინის დატოვებამდე რუსეთის სამხედრო ძალებს ამარაგებდა, 80 დივერსიული აქტი განხორციელდა.

ოპოზიციონერის მტკიცებით, აქტივისტები უკრაინას ჯარების გადაადგილებისა და რაკეტების გაშვების შესახებ ინფორმაციას აწვდიდნენ. მისივე თქმით, ბელარუსის აბსოლუტური უმრავლესობა - 86% ომის წინააღმდეგი იყო.

ტიხანოვსკაიამ აღნიშნა, რომ უკრაინისა და ბელარუსის ბედი დაკავშირებულია და უკრაინის გამარჯვება, დიდი ალბათობით, ბელარუსს ალექსანდრ ლუკაშენკოს ავტორიტარული მმართველობისგან გათავისუფლებაში დაეხმარება.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ

კომენტარები