ბათუმი

ბათუმში სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე 25 ადამიანი დააკავეს

ტაბულა

გუშინ, 6 მაისს, ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ბათუმში გამართულ აქციაზე 25 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

"ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე, 25 პირი დააკავეს.  ბათუმის ქუჩებში გუშინ საღამოს დაწყებულ აქციაზე პოლიციამ შეკრებილთა უფლებებისა და საზოგადოებრივი წესრიგის უსაფრთხოების დაცვის მიზნით ყველა საჭირო ღონისძიება განახორციელა. სამართალდამცველებმა უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით უზრუნველყვეს აქციის მონაწილეთა მსვლელობა. 

მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლის წინ გაშალეს კარვები და გამოიწვიეს გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად ბლოკირება. კანონმდებლობის სრული დაცვით შეკრებილი ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე, პოლიციამ ბათუმის ქუჩებში შეზღუდა საგზაო მოძრაობა, ხოლო როდესაც აქციის მონაწილეთა რაოდენობა შემცირდა, აღარ იყო აუცილებლობა გზის გადაკეტვის პოლიციამ უზრუნველყო საზოგადოებრივი წესრიგის და საგზაო მოძრაობის აღდგება". - წერია განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციის მხრიდან მოწოდებისა და გაფრთხილების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ მათ მოთხოვნას გზის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, "განაგრძეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება", რის შემდეგაც პოლიციამ ისინი დააკავა. 

უწყების ცნობით, დაკავებულთაგან 2 ადამიანი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა, ხოლო სხვა დაკავებულები დროებითი მოთავსების იზოლატორში არიან გადაყვანილი.

კომენტარები