ფინეთი

უოლასი: წარმოუდგენელია, ფინეთ-შვედეთს თავს დაესხან და ბრიტანეთი მათ არ დაეხმაროს

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლასის თქმით, ფინეთსა და შვედეთზე თავდასხმის შემთხვევაში ბრიტანეთი მათ დაეხმარება, ყველანაირი ფორმალური შეთანხმების არსებობის გარეშე.

"წარმოუდგენელია, ბრიტანეთი ფინეთისა და შვედეთის დასახმარებლად არ მოსულიყო, მათ თავს რომ დასხმოდნენ. ნებისმიერი დიდი ფორმალური შეთანხმების გარეშე. ჩვენ ვართ ევროპული ქვეყნები, რომლებიც იზიარებენ ერთ ღირებულებებს, გვაქვს ღრმა, გრძელი ისტორია. ბრიტანეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი წილი ვიკინგების შთამომავალია. ჩვენ ეს კულტურული კავშირი გვაქვს.

ვერ წარმოვიდგენ დროს, როცა ფინეთისა და შვედეთის მხარდასაჭერად არ მივალთ, იმისდა მიუხედავად NATO-ზე განხილვებსა და შეთანხმებებში სად იქნებიან. ფინეთის NATO-ს ამბიციის მომავალი სრულად ფინეთის თავისუფალი არჩევანია და ჩვენ აქ ვართ, რათა მხარი დავუჭიროთ მათი არჩევნის თავისუფლებას, არ მივცეთ ნება სხვა რომელიმე ერს თუ რა არჩევანი გააკეთონ". – თქვა ბენ უოლასმა ფინეთში, ნიინისალოში გამართულ პრესკონფერენციაზე. 

ბენ უოლასი ფინეთში ესტუმრა ბაზას, სადაც ამჟამად ორკვირიანი სამხედრო წვრთნები, Arrow 22 მიმდინარეობს. 3000-ზე მეტ ფინელ სამხედროსთან ერთად ვარჯიშებში მონაწილეობენ ასობით ამერიკელი, ბრიტანელი, ესტონელი და ლატვიელი სამხედროები.

ფინეთისგან და შვედეთისგან NATO-ში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადის გაკეთებას მაისის შუა რიცხვებში ვარაუდობენ.


რუსეთმა, რომელსაც ფინეთთან 1300 კმ-იანი საზღვარი აქვს, განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანებას გადაწყვეტენ, მოსკოვი საზღვართან ბირთვულ იარაღსა და ჰიპერბგერით რაკეტებს განათავსებს.

2022 წლის დასაწყისში, რუსეთი-უკრაინის საზღვრებზე არსებული დაძაბულობის პარალელურად, ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტემ საახალწლო მიმართვაში ხაზი გაუსვა, რომ NATO-ში გაწევრიანების შესაძლებლობა მისი ქვეყნის თავისუფალ არჩევნად რჩება.

"დაე კიდევ ერთხელ გაესვას ხაზი: ფინეთის მოქმედებისა და არჩევნის თავისუფლება მოიცავს NATO-სთან სამხედრო კავშირის შექმნასა და გაწევრიანების მოთხოვნასაც, თუ ჩვენ ასე გადავწყვეტთ", – თქვა საული ნიინისტემ.

პრეზიდენტის სიტყვა საკუთარ მიმართვაში განავრცო ფინეთის პრემიერმინისტრმა, სანა მარინმა. 

"ჩვენ ვაჩვენეთ, რომ წარსულით ვისწავლეთ. უარს არ ვიტყვით მოქმედების თავისუფლებაზე", – თქვა მარინმა და დაამატა, რომ ყველა ქვეყანას საკუთარი საგარეო პოლიტიკის არჩევის უფლება აქვს.

აქამდე, 2021 წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა აცხადებდა, რომ თუ ფინეთი და შვედეთი NATO-ს წევრები გახდებიან, "ამას სერიოზული სამხედრო და პოლიტიკური შედეგები მოჰყვება".

კომენტარები