საქართველოს კინოთეატრები

რა ვნახოთ დიდ ეკრანზე? – მაისის მთავარი კინოპრემიერები

Be Funky

წარმოგიდგენთ მაისის თვის ყველაზე მნიშვნელოვან ფილმებს, რომელთა ნახვა საქართველოს კინოთეატრებშია შესაძლებელი.

დოქტორი სტრეინჯი: სიგიჟის მულტივერსში/Doctor Strange in the Multiverse of Madness

მარველის კინოსამყაროს მორიგი ფილმი, რომელსაც კინოკრიტიკოსებმა უმაღლესი შეფასებები უკვე დაუწერეს. შურისმაძიებლების გუნდის წევრს, დოქტორ სტრეინჯს ახალ ფილმში ყველაზე რთული მეტოქის, საკუთარი თავის დამარცხება მოუწევს. მთავარი გმირის მხარდამხარ კიდევ ერთი ცნობილი შურისმაძიებელი სკარლეტ ვიტჩი იბრძოლებს. ქართველი მაყურებელი ბლოკბასტერის ნახვას 5 მაისიდან შეძლებს.

ვიკინგი/Northman

ალქაჯისა და შუქურის რეჟისორის, რობერტ ეგერსის ახალი ნამუშევარი. ამჯერად ეგერსმა 895 წლის სკანდინავიაში ჰამლეტისეული ისტორია მოგვითხრო. არაერთ რეცენზიაში კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რეჟისორმა დეტალებში გადმოსცა იმ პერიოდის ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში გაბატონებული პირქუში ატმოსფერო, რაც სცენარის ავტორის, ისლანდიელი პოეტისა და მწერლის სიონ სიგურსონის დამსახურებაა. სურათში მონაწილეობენ ალექსანდერ სკარშგორდი, ნიკოლ კიდმანი, ანია ტეილორ-ჯოი, ითან ჰოუკი და უილემ დეფო. ვიკინგის პრემიერა საქართველოში 27 აპრილს გაიმართა.

ტოპ განი. მევერიკი/Top Gun. Maverick

ლეგენდად ქცეული მძაფრსიუჟეტიანი ფილმის გაგრძელება. ბლოკბასტერი, რომელსაც ტოპ განის მოყვარულები 1986 წლიდან ელოდებიან. ამერიკის საჰაერო ძალების ასის, მევერიკის როლს კვლავ ტომ კრუზი ასრულებს. მევერიკი ამჯერად მასწავლებლისა და მენტორის ამპლუაში მოგვევლინება, მან ახალგაზრდა მფრინავების გუნდი უნდა გაწრთვნას. როგორც ორიგინალი, ისე გაგრძელება საჰაერო ბრძოლების დაუვიწყარი სცენებით არის გაჯერებული. Top Gun 2 საქართველოს კინოთეატრებში 26 მაისს გამოვა.

21 Pilots-ის კონცერტი

თბილისელ მაყურებელს, 19 მაისს, მხოლოდ ერთი დღით, კავეა გალერეაში, ალტერნატიული ჰიპ-ჰოპ და პოპ ბენდის, Twenty One Pilots-ის დოკუმენტური ფილმი-კონცერტის ნახვის შესაძლებლობა ეძლევა. 

კომენტარები