აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

პრაისი: საქართველო და მოლდოვა აშშ-ს მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის თქმით, საქართველო და მოლდოვა აშშ-სთვის მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან და ქვეყანა გააგრძელებს მათ მხარდაჭერას.

"საქართველო და მოლდოვა აშშ-ს მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. ჩვენ მათი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ერთგულები ვართ და ჩვენ ეს ერთგულება არაერთი გზით ვაჩვენეთ. რაც შეეხება მოლდოვას, ჩვენს მოლდოველ კოლეგებთან სტრატეგიული დიალოგი სულ ცოტა ხნის წინ დავიწყეთ. ცოტა ხნის წინ, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მოლდოვის დედაქალაქ კიშინოვში იმყოფებოდა, სადაც მოლდოველ ლიდერებთან გამართა შეხვედრა". - ამბობს ნედ პრაისი.

ნედ პრაისს ჰკითხეს, ბოლო პერიოდში რეგიონში განვითარებული მოვლენებისა და რუსული აგრესიის ფონზე, დაგეგმილია თუ არა რაიმე მოლაპარაკება საქართველოსთან.

"საელჩოსა და დეპარტამენტის საშუალებით, რეგიონში ჩვენს პარტნიორებთან ყოველთვის კავშირზე ვართ. მათ შორის, ჩვენს კოლეგებთან თბილისში. დისკუსიები გრძელდება. ვიცით, რომ ვლადიმირ პუტინს შესაძლოა, რეგიონში სხვა ქვეყნების მიმართ სამხედრო აგრესიისკენ ჰქონდეს მისწრაფებები. თუმცა, ვფიქრობ, საპასუხოდ ჩვენ ვაჩვენებთ, თუ როგორ ვაძლევთ ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს იმას, რაც მათ ესაჭიროებათ, რომ იყვნენ ეფექტურები ამ საშინელი რუსული აგრესიის წინააღმდეგ. ვაჩვენებთ, რომ აშშ, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები მხარს არ დაუჭერენ მსგავსი ტიპის ქმედებებს". - პასუხობს პრაისი.

კომენტარები