რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჰამასის დელეგაცია მოსკოვში მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა

ჰამასის ოფიციალური დელეგაცია მოსკოვში რუსეთის წარმომადგენლებთან შესახვედრად ჩავიდა. ინფორმაციას პალესტინური მედია Donia Al-Watan-ი ავრცელებს.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ჰამასის პოლიტბიუროს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მუსა აბუ მარზუკი და მისი ხელმძღვანელობის კიდევ ორი ​​წარმომადგენელი, ფათჰი ჰამადი და ჰუსამ ბადრანი. გამოცემის თანახმად, მოლაპარაკებები იერუსალიმის გარშემო არსებულ ვითარებას, ზოგადად პალესტინის საკითხსა და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობას შეეხება.

ამასთან ერთად, ჰამასის ემისრები ვლადიმირ პუტინის მრჩეველს ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის საკითხებში, მიხაილ ბოგდანოვსა და დუმის დეპუტატებს შეხვდებიან. მედიის ინფორმაციით, ისინი ასევე  მოლაპარაკებებს გამართავენ ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელთან, რამზან კადიროვთან.

აღნიშნული ვიზიტი საყურადღებოა განვითარებული მოვლენების გამო. რუსეთსა და ისრაელს შორის დაძაბულობა გამწვავდა მას შემდეგ, რაც სერგეი ლავროვს იტალიური ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში ჰკითხეს, თუ როგორ ამტკიცებს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინის "დენაციფიკაციის" მცდელობას, მაშინ, როცა ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი ებრაელია.

"მერე რა, რომ ზელენსკი ებრაელია. ეს ფაქტი უკრაინაში ნაცისტურ ელემენტებს არ აქრობს. მგონი, ჰიტლერსაც ებრაული სისხლი ჰქონდა... ზოგიერთი ყველაზე უარესი ანტისემიტი ებრაელია". – უპასუხა სერგეი ლავროვმა შეკითხვას.

ამ ფაქტს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, იაირ ლაფიდი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ლავროვის კომენტარი უპატიებელია და ისრაელი მისგან ბოდიშს ელის. 

კომენტარები