მიხეილ სააკაშვილი

"ჩავთვალე, თემა ვიცოდი" – ქართული ოცნება სააკაშვილის მონახულებას არ აპირებს

სოზარ სუბარი
ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატი, სოზარ სუბარი თავისივე ნათქვამს, რომ ოცნების წევრები მიხეილ სააკაშვილის მონახულებას აპირებდნენ, უარყოფს.

მისივე თქმით, ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებენ თუ არა მმართველი გუნდის წევრები ექსპრეზიდენტის მონახულებას, მან ჩათვალა, რომ "თემა იცოდა", შემდგომ კი აღმოაჩინა, რომ "ეს ასე არ არის".

სოზარ სუბარი ამბობდა, რომ ოცნების წევრები გეგმავდნენ სააკაშვილის მონახულებას და თუ როდის, ამას საზოგადოება მალე გაიგებდა.

"შესწორება უნდა შევიტანო ჩემს ნათქვამში, რამდენიმე ჩემმა კოლეგამ დამირეკა რა ხდება, ვინ შედის მიშასთანო და თურმე აღმოჩნდა, რომ გუშინ ერთ-ერთი დიალოგი ჩემს კოლეგასთან არასწორად იქნა გაგებული, მერე ამას თქვენი კითხვა დაემატა და ჩავთვალე, რომ თემა ვიცოდი და აღმოჩნდა რომ ასე არ არის და შესაბამისად, უარყოფა უნდა გავაკეთო იმის, რაც ვთქვი.

მე ნამდვილად არ შევდივარ და ის, რომ რამდენიმე ადამიანზე ვიცოდი, რომ შესვლას აპირებდნენ, ესეც არ აღმოჩნდა მართალი. ჩვენ რასაც ვისმენთ არის ერთი, რომ გამოდიან ექიმები და ამბობენ, რომ სისხლში კონკრეტული მონაცემები დარღვეულია, გამოდის შემდეგ იუსტიციის სამინისტრო და ამბობს, რომ ეს არ არის მართალი.

გასაგებია, რომ იუსტიციის სამინისტრო თავის თავს არ აძლევს ამაზე მეტის უფლებას, მაგრამ თუ იქნება სააკაშვილის პირადი მოთხოვნა ან მისი ადვოკატების თანხმობა, ამ შემთხვევაში ბუნებრივია, იუსტიციის სამინისტროს შეუძლია გაასაჯაროვოს ყველა მონაცემი". - ამბობს სოზარ სუბარი.

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს და სამოქმედო გეგმაზე ისაუბრეს. მათი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და ამ საკითხზე საქართველოს პატრიარქთან შეხვედრა სურთ. 

გარდა ამისა, სააკაშვილის ოჯახმა 5 მაისს კანცელარიასთან აქცია დააანონსა. 6 მაისს კი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებს თბილისსა და ბათუმში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამართავს.

კომენტარები