ისრაელი-რუსეთი

ლაფიდი ლავროვზე: უპატიებელი კომენტარია, საშინელი ისტორიული შეცდომა, ბოდიშს ველით

იაირ ლაფიდი
The Times of Israel

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, იაირ ლაფიდი გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სიტყვებს, რომლებიც უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ებრაულ წარმომავლობას ეხებოდა. 

ლაფიდმა ლავროვის სიტყვებს უპატიებელი კომენტარი უწოდა და აღნიშნა, რომ ბოდიშს ელიან.

აქამდე ლავროვს იტალიური ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში ჰკითხეს, თუ როგორ ამტკიცებს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინის "დენაციფიკაციის" მცდელობას, მაშინ, როცა ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი ებრაელია.

"მერე რა რომ ზელენსკი ებრაელია. ეს ფაქტი უკრაინაში ნაცისტურ ელემენტებს არ აქრობს. მგონი, ჰიტლერსაც ებრაული სისხლი ჰქონდა... ზოგიერთი ყველაზე უარესი ანტისემიტი ებრაელია". – უპასუხა სერგეი ლავროვმა შეკითხვას. 

ამ სიტყვების განმარტებისთვის ისრაელმა რუსეთის ელჩი გამოიძახა.

"ეს არის უპატიებელი და მიუღებელი კომენტარი, საშინელი ისტორიული შეცდომა და ჩვენ ბოდიშს ველით... ებრაელები ჰოლოკოსტში საკუთარ თავებს არ ხოცავდნენ. ებრაელების წინააღმდეგ რასიზმის ყველაზე მდაბიო ფორმა არის თავად ებრაელების ანტისემიტიზმში დადანაშაულება". – თქვა იაირ ლაფიდმა სერგეი ლავროვის სიტყვებზე.

კომენტარები