მკვლელობა ვაზისუბანში

"ვაღიარებ და ვეთანხმები ბრალდებას" – მშობლების მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ბეროზაშვილი

ინტერპრესნიუსი

მშობლების მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ბეროზაშვილი ბრალს აღიარებს. სასამართლო მისი აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს. 

"სრულად ვაღიარებ და ვეთანხმები ბრალდებას". - ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, თქვა მან სასამართლო პროცესზე. 

მედიის ცნობითვე, ბეროზაშვილმა ასევე თქვა, რომ დაკავებამდე რუსთავში უბნის უფროს გამომძიებლად მუშაობდა.  

პროკურორის თქმით, ბეროზაშვილს დედ-მამასთან კონფლიქტი 2019 წლიდან ჰქონდა - ის მამის დაუკითხავად $21 000-ს დაეუფლა, რომლის ნაწილიც ტოტალიზატორში დახარჯა. IPN-ის ცნობით, პროკურორი ამბობს, რომ მამის მხრიდან თანხის დაბრუნების მოთხოვნამ კონფლიქტი გამოიწვია. მისივე განმარტებით, უთანხმოება წარმოიშვა დედასთანაც.

27 აპრილს ვაზისუბანში კორპუსში გაჩენილი ხანძრის შემდეგ ადგილზე მისულმა მაშველებმა სახლში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. მომდევნო დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავეს პირი, რომელმაც მძინარე მშობლები მოკლა, შემდეგ კი დანაშაულის დაფარვის მიზნით ყაჩაღობის ინსცენირება მოაწყო, სახლში ხანძარი გააჩინა, კარი ჩაკეტა და მიიმალა.

ბეროზაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარება) და 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "ვ" ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის ორი წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები