მკვლელობა ვაზისუბანში

დააკავეს პირი, რომელმაც მძინარე მშობლები მოკლა, შემდეგ ბინაში განზრახ ხანძარი გააჩინა

shutterstock

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს 1992 წელს დაბადებული გ.ბ. ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, გუშინ 27 აპრილს, ვაზისუბნის მე-4 მიკრორაიონში, ერთ-ერთ ბინაში ხანძარზე გამოძახებულ სამაშველო რაზმს ბინის კარი შიგნიდან ურდულით ჩაკეტილი დახვდა. ბინაში შეღწევის და ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ, მაშველებმა 1964 წელს დაბადებული ზ.ბ.-ს და მისი მეუღლის - 1967 წელს დაბადებული ლ.თ.-ს დამწვარი ცხედრები იპოვეს, რომლებსაც თავის არეში ცეცხლნასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები ჰქონდათ.

გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა ბინაში მძინარე მშობლებს (ზ.ბ.-ს და ლ.თ.-ს) ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდებულმა ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით, ყაჩაღობის ინსცენირება მოაწყო, კერძოდ: კარადებიდან გადმოყარა ტანსაცმელი და სხვადასხვა ნივთი, მოძებნა მშობლების კუთვნილი თანხა და ოქროს სამკაულები, შემდეგ ბინაში განზრახ გააჩინა ხანძარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შსს-ს ცნობით, დანაშაულის ჩადენის იარაღები, ბინიდან წაღებული თანხა და ოქროს სამკაულები ამოღებულია ნივთმტკიცებად.

ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით და 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები