კრიმინალი

შსს: ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 2 ადამიანი დაკავაკეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 2 ადამიანი დააკავეს. ასევე, ერთ პირს ბრალი დაუსწრებლად, ხოლო ერთს პენიტენციურ დაწესებულებაში წარუდგინეს. 

უწყების ინფორმაციით, 1978 წელს დაბადებული ვ.გ. ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისთვის, 1965 წელს დაბადებული კ.თ. კი ე.წ. ქურდული სამყაროს წევრისთვის ან ე.წ. კანონიერი ქურდისთვის მიმართვის ბრალდებით დააკავეს. 1967 წელს დაბადებულ მ.მ.-ს (მეტსახელად "ყურშა") ე.წ. კანონიერი ქურდობისთვის ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. რაც შეეხება 1985 წელს დაბადებულ ო.ს.-ს, მას ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისთვის ​ბრალი პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულ კ.თ.-სა და მის ნაცნობს მიწის ნაკვეთზე ჰქონდათ დავა, რომლის მოგვარებაშიც ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები - ო.ს. და ვ.გ. ჩაერთნენ - ისინი საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებს, მ.მ.-ს და ზ.მ.-ს, მეტსახელად გლეხოვიჩს  დაუკავშირდნენ.

"ე.წ. კანონიერმა ქურდებმა თურქეთის რესპუბლიკაში მოდავე მხარეებთან ერთად მოაწყვეს ე.წ. ქურდული გარჩევა. მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ფინანსური დავის საგანი - მიწის ნაკვეთი უნდა გაყიდულიყო, მთლიანი თანხა უნდა გადარიცხულიყო ე.წ. კანონიერ ქურდებთან, რომლებიც მოგვიანებით გადაწყვეტდნენ თანხის განაწილების საკითხს". - წერია განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ბრალდებულების კუთვნილი მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდებს უკავშირდებოდნენ. 

ე.წ. კანონიერი ქურდობის, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისა და ე.წ. ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით, ასევე, 223-ე მე-4 პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

კომენტარები