რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბლინკენი საქართველოსა და მოლდოვაზე: ყურადღებით უნდა ვიყოთ, ისინი რისკის ქვეშ არიან

Reuters

"ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ ამ ქვეყნების მიმართ, ისინი რისკის ქვეშ არიან" – ასე უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სენატორ კრის კუნსის შეკითხვას საქართველოსა და მოლდოვის მიმართ რუსეთის შესაძლო აგრესიის შესახებ. ბლინკენმა თქვა, რომ ქვეყნები მოწყვლად მდგომარეობაში არიან, თუმცა აშშ მათ მხარდასაჭერად არაერთ ნაბიჯს დგამს.

"მე ვიზიარებ თქვენს შეშფოთებას საქართველოსა და მოლდოვის მოწყვლად მდგომარეობასთან დაკავშირებით. ჩვენ მათთან ძალიან ახლო თანამშრომლობა გვაქვს. მე ვიმყოფებოდი მოლდოვაში რამდენიმე კვირის წინ. ჩვენი მდივანი მოსახლეობის, ლტოლვილებისა და მიგრაციის საკითხებში ასევე იმყოფებოდა იქ. ჩვენ გერმანიის კონფერენციის ეგიდით მოლდოვის მხარდასაჭერად დამატებით 100 მილიონი დოლარის დახმარება გამოვყავით. ინიციატივა, რომელიც თქვენს წინაშეა წარდგენილი, ითვალისწინებს პროგრამების დაფინანსებას რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის, კიბერუსაფრთხოების, ეკონომიკური სტაბილიზაციის დეზინფორმაციის წინააღმდეგ მედეგობის. ვცდილობთ გავაერთიანოთ მათი ენერგეტიკული სისტემები ევროპასთან. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს მოლდოვის, ისევე როგორც უკრაინის ევროპის უსაფრთხოების ქსელთან დაკავშირებაში, თუმცა ამ მიმართულებით სამუშაო ისევ რჩება.

ჩვენ ასევე გვჭირდება, რომ გაეროს სააგენტოები მზად იყვნენ ლტოლვილების პოტენციურ დიდი ნაკადებისთვის მოლდოვაში. მათ უკვე მიიღეს მრავალი ადამიანი, ეს პატარა ქვეყანაა. ასევე არის საკითხები საქართველოსთან მიმართებით, რომელზე საუბარიც შემიძლია, თუმცა თქვენ სწორი აქცენტი გააკეთეთ. ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ ამ ქვეყნების მიმართ, ისინი რისკის ქვეშ არიან. ჩვენ ვნახეთ გარკვეული შემთხვევები მოლდოვაში, დნესტრისპირეთში და ჩვენ ამ გარემოებასაც ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით". – თქვა ენტონი ბლინკენმა.

21-22 აპრილს საქართველოში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით აშშ-ს კონგრესის დელეგაცია იმყოფებოდა, რომელსაც სენატორი კრის კუნსი ხელმძღვანელობდა.

კომენტარები