რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა შესაძლოა NATO-ში შესვლაზე გავლენის მოხდენა სცადოს – ფინეთისა და შვედეთის დაზვერვა

ფინეთისა და შვედეთის პრემიერმინისტრები
Roni Rekomaa/Lehtikuva/via REUTERS

ნორვეგიის, ფინეთისა და შვედეთის დაზვერვის ხელმძღვანელების თქმით, ფინეთი და შვედეთი რუსული კიბერშეტევებისა და კანონმდებლებზე გავლენის მოხდენის მცდელობებისთვის უნდა მოემზადონ. 

ფინეთის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ანტი პელტარმა შვედ და ნორვეგიელ კოლეგებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირები უფრო ფხიზლად უნდა იყვნენ.

"რუსეთის დაზვერვის შესაძლებლობები ამჟამად შეზღუდულია, რადგან ფინეთი რუს დიპლომატებთან თითქმის აღარ თანამშრომლობს". - თქვა ანტი პელტარმა. 

შვედეთის დაზვერვის უფროსმა, შარლოტა ფონ ესენმა თქვა, რომ შვედეთის უშიშროების სამსახური რუსეთის შესაძლო კიბერთავდასხმებისთვის, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად, უკვე რამდენიმე წელია ემზადება.

"რუსეთი შეიძლება ფიქრობდეს, რომ შვედეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხზე გავლენის მოხდენისთვის დრო ეწურება.

მათ ჩარევის მცდელობას მრავალი ფორმა შეიძლება ჰქონდეს, მეტიც, შესაძლოა ისინი [კიბერშეტევები, ჯაშუშების ქვეყანაში შემოსვლა] ერთდროულად განხორციელდეს". - თქვა შარლოტა ფონ ესენმა.

რუსეთმა, რომელსაც ფინეთთან 1300 კმ-იანი საზღვარი აქვს, განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანებას გადაწყვეტენ, მოსკოვი საზღვართან ბირთვულ იარაღსა და ჰიპერბგერით რაკეტებს განათავსებს.

2022 წლის დასაწყისში, რუსეთი-უკრაინის საზღვრებზე არსებული დაძაბულობის პარალელურად, ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტემ საახალწლო მიმართვაში ხაზი გაუსვა, რომ NATO-ში გაწევრიანების შესაძლებლობა მისი ქვეყნის თავისუფალ არჩევნად რჩება.

"დაე კიდევ ერთხელ გაესვას ხაზი: ფინეთის მოქმედებისა და არჩევნის თავისუფლება მოიცავს NATO-სთან სამხედრო კავშირის შექმნასა და გაწევრიანების მოთხოვნასაც, თუ ჩვენ ასე გადავწყვეტთ", – თქვა საული ნიინისტემ.

პრეზიდენტის სიტყვა საკუთარ მიმართვაში განავრცო ფინეთის პრემიერმინისტრმა, სანა მარინმა. 

"ჩვენ ვაჩვენეთ, რომ წარსულით ვისწავლეთ. უარს არ ვიტყვით მოქმედების თავისუფლებაზე", – თქვა მარინმა და დაამატა, რომ ყველა ქვეყანას საკუთარი საგარეო პოლიტიკის არჩევის უფლება აქვს.

აქამდე, 2021 წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა აცხადებდა, რომ თუ ფინეთი და შვედეთი NATO-ს წევრები გახდებიან, "ამას სერიოზული სამხედრო და პოლიტიკური შედეგები მოჰყვება".

კომენტარები