პოლონეთი

რუსეთი პოლონეთს გაზის მიწოდებას უწყვეტს

Bloomberg

რუსეთმა პოლონეთი გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ გააფრთხილა. პოლონურმა ენერგოკომპანიამ, PGNiG-მა გაზპრომისგან გაფრთხილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანამ გაზის საფასურის რუბლში გადახდაზე უარი თქვა. არსებული ინფორმაციით, რუსეთი პოლონეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას 27 აპრილს შეწყვეტს.

პოლონეთის მთავრობის განცხადებით, მათ ბუნებრივი აირის საკმარისი რეზერვი აქვთ და ენერგომომარაგებას საფრთხე არ ემუქრება.

პოლონეთმა რამდენჯერმე თქვა უარი ბუნებრივი აირის საფასურის გადახდის ახალ საქმეზე. ქვეყანას გაზპრომთან დადებული ხელშეკრულების ვადა მიმდინარე წლის ბოლოს ეწურება. 

ხელშეკრულება წელიწადში 10.2 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიწოდებას გულისხმობს, რაც პოლონეთის მიერ წელიწადში მოხმარებული გაზის 50%-ია.

PGNiG-ის განცხადებით, ისინი მიიღებენ ზომებს ენერგომომარაგების აღსადგენად, ხოლო მიწოდების შეჩერება არსებული ხელშეკრულების დარღვევაა.

31 მარტს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა არამეგობრულ ქვეყნებთან ბუნებრივი აირით ვაჭრობის განკარგულებას, რომელიც გულისხმობს, რომ გარკვეულ ქვეყნებს გაზს რუბლში მიყიდიან.

თუ არამეგობრული ქვეყნები ბუნებრივი აირის რუბლებში შესყიდვაზე უარს იტყვიან, მათ გაზის მიწოდება შეუჩერდებათ. რუსეთმა არამეგობრული ქვეყნების სია უკრაინაში შეჭრის გამო მის მიმართ ახალი სანქციების დაწესების შემდეგ განაახლა.

კომენტარები