ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი

ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღი გააუქმეს

Sergei Bobyelev / TASS

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ 28 აპრილს დაგეგმილი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღი გააუქმა.

20 აპრილს სამმა მოქალაქემ დე ფაქტო უზენაეს სასამართლოს სარჩელით მიმართა და ცესკოს მიერ ე.წ. არჩევნების მეორე ტურის 28 აპრილს დანიშვნა გააპროტესტა.

ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია ვალდებულია, რომ არჩევნების მეორე ტური კვირას დანიშნოს. თავის მხრივ, ოკუპირებული რეგიონის ცესკო მოითხოვს განმარტებას სასამართლოსგან, თუ რა კრიტერიუმებითა და სამართლებრივი აქტებით ავალდებულებს სასამართლოს ცესკოს ამ გადაწყვეტილების მიღებას.

10 აპრილს ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ჩატარდა. ე.წ. არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს ამჟამინდელი მარიონეტი ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი და პარტია ნიხასის ხელმძღვანელი, ალან გაგლოევი უნდა დაუპირისპირდნენ.

არჩევნების შემდეგ მარიონეტი ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან შეერთების საკითხთან დაკავშირებით ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას აპირებდა

კომენტარები