კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: რეკომენდებულია, ამ პერიოდში არ იყოს თავშეყრა, კვება და ალკოჰოლის მირთმევა

შეგვიძლია, შევაჯამოთ და ვთქვათ, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სტაბილური და სრულად მართვადია. მაქსიმალურად შემცირებულია სამედიცინო სექტორის დატვირთვა. საავადმყოფოებში წევს სულ 334 პაციენტი, აქედან ინტენსიურში და რეანიმაციაში 71. მაგრამ ეს ყველაფერი დამშვიდების უფლებას არ გვაძლევს, რადგან მთელ რიგ ქვეყნებში ადგილი აქვს ეპიდსიტუაციის გაუარესებას. ეს ძირითადად არის აღმოსავლეთის ქვეყნებში. 

ჩვენ თუ დავიცავთ პირბადის ტარების წესს, რაც დადგენილია დახურულ შენობებში, ახლა ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, როდესაც ქვეყანაში ყველაზე დიდი სადღესასწაულო დღეებია. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი იქნება ტაძრებში. სასურველია, რომ ვატაროთ პირბადე დახურულ სივრცეში. ამინდები პროგნოზით კარგია, შესაძლებელია ადამიანთა დიდი ნაწილი იყოს გარე სივრცეში და დავიცვათ დისტანცია. მოგეხსენებათ, მობილობის ზრდა ერთ-ერთი რისკფაქტორია. ამ დღეებში ქვეყანაში სერიოზულად გაიზრდება მობილობა. ამიტომ, სააღდგომო დღეებში და განსაკუთრებით შემდგომ, როდესაც მივდივართ ჩვენი ახლობლების სასაფლაოებზე, სასურველია, დაცული იყოს რეგულაციები. განსაკუთრებით რეკომენდებულია, რომ არ იყოს დიდი თავშეყრები, არ იყოს განსაკუთრებით კვება და ალკოჰოლის მირთმევა ამ პერიოდში. ხაზს ვუსვამ, ამ დროს ინფექცია შედარებით ადვილად ვრცელდება. ჩვენ თუ ყველაფერი ეს დავიცავით, ვფიქრობ ეპიდსიტუაცია ასე მშვიდად უნდა გაგრძელდეს და ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ მაისიც ასეთი მშვიდი და სტაბილური ეპიდსიტუაციით გავიაროთ.

უთხრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს. 

კომენტარები