ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი ჰაიდაიმ აღნიშნა, რომ რუსმა ჯარებმა ქალაქ პოპასნაიაში ევაკუაციის ავტობუსს, რომლითაც 25 ადამიანი გადაადგილდებოდა, ცეცხლი გაუხსნეს.
"ეს ევაკუაცია განსაკუთრებულად და უკიდურესად საშიში იყო. ავტობუსში 22 მგზავრი ისხდა. იქვე იატაკზე საკაცით გადაჰყავდათ 25 წლის ბიჭი, რომელიც ზურგისა და ფეხის არეში იყო დაჭრილი და პარალიზებული მოხუცი ქალი". - აღნიშნა ჰაიდამ.
მისი თქმით, არავინ დაშავებულა და მგზავრები ახლა უსაფრთხოდ არიან.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





