რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ინფრასტრუქტურის 30%-მდე დააზიანეს ან გაანადგურეს

ომის დაწყებიდან დღემდე, რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინის მიმართ განხორციელებულმა სამხედრო აგრესიამ უკრაინის ინფრასტრუქტურის 30%-მდე დააზიანა ან გაანადგურა, რის აღდგენას ან თავიდან აშენებასაც 100 მილიარდი დოლარი დასჭირდება. ამის შესახებ ქვეყნის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ოლეკსანდრ კუბრაკოვმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ ყველაფრის რეკონტსრუქციას, დაახლოებით, 2 წელი დასჭირდება.

კუბრაკოვის თქმით, ამ დროის მონაცემებით, განადგურებული სახლების, შენობების, ხიდების, სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა ინფრასტრუქტურის აღსადგენად ჯამში 500 მილიარდი დოლარი იქნება საჭირო.

"პრაქტიკულად, ჩვენი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ყველა კომპონენტი განადგურებული ან დაზიანებულია. აგრეთვე, ოკუპანტებმა გაანადგურეს ან დააზიანეს 300-ზე მეტი ხიდი და 8 000 კმ-ზე მეტი გზა. 

მჯერა, რომ თუ ყველა სწრაფად იმუშავებს, ხიდების, გზებისა და სახლების აღდგენას 2 წელიწადში მოვახერხებთ. ფულის მოსაძიებლად არაერთი გზა განიხილება, მათ შორის, დასავლეთის მიერ რუსი ოლიგარქებისთვის გაყინული ქონებიდან". - ამბობს კუბრაკოვი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები