რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

2022 წლის პირველ კვარტალში გაზპრომის ექსპორტი 26.4%-ით შემცირდა

REUTERS/Dado Ruvic/Illustration

რუსული ენერგო მწარმოებელი კომპანიის, გაზპრომის ცნობით, პირველ კვარტალში გაზის ექსპორტი წინა წლის მონაცემთან შედარებით, 26.4%-ით შემცირდა.

რუსულმა ენერგო მწარმოებელმა კომპანიამ, გაზპრომმა ანგარიში Telegram-ზე გამოაქვეყნა, რომელიც 2022 წლის სამნახევარი თვის შედეგებს აჯამებს. 

წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის 1 იანვრიდან 15 აპრილამდე გაზპრომმა 155.9 მილიარდი კუბური მეტრის გაზი აწარმოვა, რაც 1.3%-ით ნაკლებია გასულ წელთან შედარებით.

გაზპრომის ცნობით, გაზპრომსა და CNPC-ს შორის ორმხრივი გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში, გაზის ექსპორტი ჩინეთში Power of Siberia-ს გაზსადენის მეშვეობით იზრდება.  

Gas Infrastructure Europe-ის (GIE) ინფორმაციით, 19 მარტს ევროპის მიწისქვეშა საწყობებიდან გაზის გატანის სეზონი დასრულდა. ამ დროისთვის, მარაგებში 25.2 მილიარდი კუბური მეტრი იყო, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია გასული წლების ფონზე.

24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ უკრაინული მხარე ევროკავშირს რუსულ ენერგორესურსებზე ემბარგოს დაწესებისკენ მოუწოდებს, თუმცა, შიდაუთანხმოების გამო ევროკავშირი რუსული ენერგორესურსების იმპორტის აკრძალვისგან ჯერჯერობით თავს იკავებს. ამის ნაცვლად, ევროპის ქვეყნები რუსული ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირებას ალტერნატივების მოძიებით ცდილობენ.

24 თებერვალს რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას განვითარებულმა სამყარომ ისტორიაში ყველაზე ძლიერი ეკონომიკური სანქციებით უპასუხა.

სანქციებს შორის მნიშვნელოვანია რუსეთის ცენტრალური ბანკისა და ძირითადი რუსული კომერციული ბანკების საერთაშორისო აქტივების გაყინვა. ასევე, რუსი შუამავლების უმეტესობა გარიცხულია SWIFT-ის სისტემიდან, რომელიც წევრ ბანკებს შორის ტრანზაქციების გასაადვილებლად გამოიყენება. პრეზიდენტი ბაიდენის განცხადებით, აშშ-მ აკრძალა რუსეთისგან ენერგორესურსების შესყიდვა, ხოლო ევროკავშირი წლის ბოლომდე იმპორტის საგრძნობლად შემცირებას გეგმავს. გარდა ამისა, აშშ-ის კონგრესმა რუსეთს ვაჭრობაში უპირატესი ქვეყნის სტატუსი ჩამოართვა, რათა რუსულ იმპორტზე დისკრიმინაციული ტარიფები დაწესდეს.

კომენტარები