თბილისის მერია

მერიამ პანდემიისას ტრანსპორტის 3.5-თვიანი გაჩერების გამო ALMA-ს ხელშეკრულება 12 თვით გაუხანგრძლივა

სარეკლამო კომპანია ALMA-ს თბილისის მერიამ ტრანსპორტის 3.5-თვიანი ჩაკეტვის დროს “მიღებული ზარალის” გამო ხელშეკრულება კიდევ 12 თვით გაუხანგრძლივა. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად თბილისის საკრებულოში ლელოს დეპუტატმა, საბა ბუაძემ გაავრცელა.

კომპანია ALMA თბილისის მერიასთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, თბილისში არსებულ სარეკლამო სივრცეებს განკარგავს. 

ტაბულა საქმის დეტალებზე საბა ბუაძეს დაუკავშირდა. ბუაძე ამბობს, რომ მერიის გადაწყვეტილება კომპრომისული არ არის. 

"ALMA-ს 2019 წლის თებერვალში გაუფორმდა ხელშეკრულება ხანგრძლივი პერიოდით. თბილისში არსებულ სარეკლამო სივრცეებს ისინი განკარგავენ, რისთვისაც მათ ბიუჯეტში წინასწარ 15 მილიონი ლარი გადაიხადეს. ეს იყო აუქციონის პირობა. აუქციონის ფარგლებში მათ მიიღეს ამ სერვისის განკარგვის უფლება. მოგეხსენებათ, პანდემიისას ტრანსპორტი გაჩერებული იყო 3.5 თვის განმავლობაში და ისინი ითხოვდნენ, რომ ამ გაჩერებული ტრანსპორტის პერიოდის დეკომპენსირება მომხდარიყო.

ამის თაობაზე მათ მიმართეს სამხარაულს. სამხარაულმა აბსურდული დასკვნა წარმოადგინა - იმისათვის, რომ ეს ზიანი დაკომპენსირებულიყო, კომპანიას 29 თვით უნდა გაგრძელებოდა ხელშეკრულება. მერიამ შემდეგ ვითომ კომპრომისი გამონახა და გადაწყვიტეს, საბოლოო ჯამში, 3.5 თვისთვის 12 თვით გაეხანგრძლივებინათ კონტრაქტი. ეს არანაირად სწორი არ არის და არც კომპრომისულად არ მიმაჩნია”. - ამბობს ბუაძე. 

თბილისის მერიის დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ შპს ALMA-სთან კონტრაქტი 2018 წლის 19 დეკემბერს 20 წლის ვადით გაფორმდა. თუმცა, განმარტების მიხედვით, Covid-19-ის გავრცელების პირობებში, ტრანსპორტის შეზღუდვის გამო ხელშეკრულება 12 თვით გაგრძელდება. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, კომპანია ALMA-მ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემული დასკვნები წარმოადგინა. საბოლოოდ კი, მერიამ კომპანიასთან “შეთანხმებას” მიაღწია. 

“ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს, შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და შპს ALMA-ს შორის 2019 წლის 6 თებერვლის შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ბალანსზე რიცხულ ინფრასტრუქტურაზე, მოძრავ და უძრავ ქონებაზე არსებულ სარეკლამო ადგილებზე რეკლამის განთავსების ვადიანი, სასყიდლიანი უფლების გადაცემისა და ნებართვის მქონე თეთრ ტაქსებზე რეკლამის განთავსების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანას. წარმოდგენილი პროექტის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა იზრდება 12 (თორმეტი) თვით და განისაზღვრება 2041 წლის 07 აგვისტომდე". - წერია განცხადებაში. 

სარეკლამო კომპანია ALMA-ს მიერ გაკრული ე.წ სისხლიანი ბანერები თბილისში 2021 წლის არჩევნებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე გამოჩნდა. ბანერებზე იყო წარწერა -  "არა ნაცებს, არა ბოროტებას, არა ღალატს!", მასზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და კრიტიკული მედიების მენეჯერები იყვნენ გამოსახული.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ძალადობის შემცველ ბანერებთან დაკავშირებით ცესკოს მიმართეს, თუმცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საჩივრები განიხილა და სიძულვილის ენის შემცველი "სისხლიანი" ბანერების განთავსება არ მიიჩნია სამართალდარღვევად, რადგან მათი დამკვეთი კერძო პირი იყო.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ კი თქვა, რომ მერიას რეაგირება არ ექნებოდა, რადგან "გამოხატვის უფლება ყველას აქვს". 

ბანერების გამოკვრის შემდეგ ALMA-ს ევროპულმა საქართველომაც მიმართა, რათა  მათ მიერ მომზადებული წინასაარჩევნო პოსტერი ცხოველების ფერმასთან დაკავშირებით ნებისმიერ ქუჩაზე გამოეკრათ. თუმცა, ვადის კომპანიის ვადის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე ALMA-მ პარლამენტს მიმართა და სიძულვილის ენის შემცველი რეკლამის განთავსების აკრძალვა მოითხოვა. 8 ოქტომბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადებას მხარი დაუჭირა. იდეის მიხედვით, საარჩევნო კოდექსში ან სხვა შესაბამის საკანონმდებლო აქტებში უნდა შესულიყო ცვლილებები, რომლებიც ზღუდავს/კრძალავს თვითმმართველ ქალაქებსა და სხვა მუნიციპალიტეტებში საარჩევნო და საზოგადოებრივ პოლიტიკურ სფეროში სიძულვილის ენის შემცველი ბანერების განთავსებას.

კომენტარები