არჩევნები 2021

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ALMA-ს ინიციატივას სიძულვილის შემცველ ბანერებზე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა შპს ალმას საკანონმდებლო წინადადების იდეას, რომლის თანახმად საარჩევნო კოდექსში ან სხვა შესაბამის საკანონმდებლო აქტებში უნდა შევიდეს ცვლილებები, რომლებიც შეზღუდავს/აკრძალავს თვითმმართველ ქალაქებსა და სხვა მუნიციპალიტეტებში საარჩევნო და საზოგადოებრივ პოლიტიკურ სფეროში სიძულვილის ენის შემცველი ბანერების განთავსებას.

"ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი თანხმდება, რომ სიძულვილის, ზიზღის და ღირსების შემლახველი ენით საუბარი წინასაარჩევნო პროცესში მიუღებელია. საკანონმდებლო წინადადება არ არის კანონპროექტის სახით წარმოდგენილი, რომელიც ჩვენ შეგვზღუდავდა მსჯელობაში, ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ ავიღოთ იდეა, კონცეფცია და შინაარსი, რაც არის ჩადებული ამ წინადადებაში და ის ვაქციოთ საფუძვლად ამ საკითხზე მსჯელობისას. აღნიშნული საკითხი მხოლოდ  წინასაარჩევნო პროცესის დროს დარეგულირდება, თუ  წინასაარჩევნო პროცესის მიღმაც,  ეს მსჯელობის შედეგად გამოიკვეთება“. - თქვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

ევროპული საქართველოს ბანერის გაკვრამდე 1 დღით ადრე სარეკლამო კომპანია ალმამ პარლამენტს მიმართა და სიძულვილის ენის შემცველი რეკლამის განთავსების აკრძალვა მოითხოვა. შეთანხმების მიხედვით, კომპანიას ევროპული საქართველოს ბანერის გაკვრა ვადა დღეს, 8 ოქტომბერს ეწურება.    


მას შემდეგ, რაც ალმამ ოპოზიციის წევრებისა და კრიტიკული მედიის მენეჯერების გამოსახულებით "სისხლიანი" ბანერები გამოაკრა, ევროპულმა საქართველომ კომპანიას მიმართა, "იმავე სტანდარტით" ნებისმიერ ცენტრალურ მაგისტრალზე მათი ბანერიც გაეკრათ.  

თუმცა, ვადის ამოწურვამდე 1 დღით ადრე ალმამ განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ "სისხლიან ბანერებს" საზოგადოების მხრიდან "სამართლიანი და ობიექტური ხასიათის" ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა, აგრესიის გამომხატველ ქმედებებს ემიჯნებიან და მათი როლი მხოლოდ დამკვეთებისგან სარეკლამო ბანერების მიღება და ბილბორდებზე განთავსებაა. განცხადების მიხედვითვე, პარლამენტის მიერ ცვლილებების შეტანამდე კომპანია უარს ეტყვის ნებისმიერ დამკვეთს სარეკლამო ბილბორდებზე "სიძულვილის ენის შემცველი და საზოგადოების პოლარიზაციისადმი მიმართული სარეკლამო კონტენტის" განთავსებაზე. 

კომენტარები